„წითელი ქმერების“ ერთ-ერთი ლიდერი კანგ კეკ იეუ გარდაიცვალა

„წითელი ქმერების“ ერთ-ერთი ლიდერი კანგ კეკ იეუ გარდაიცვალა

„წითელი ქმერების“ ერთ-ერთი ლიდერი კანგ კეკ იეუ 77 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, კანგმა, რომელიც ასევე „ამხანაგი დუჩის“ სახელით არის ცნობილი თავი შეუძლოდ იგრძნო და ორშაბათს ის ციხიდან ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.

გაეროს ეგიდით საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ გასამართლებული „ამხანაგი დუჩი“ სასჯელს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის იხდიდა. მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. კამბოჯაში „ქმერების“ მმართველობის დროს კანგი პნომპენში ციხე ტუოლსლენგს ხელმძღვანელობდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ის სულ მცირე 15 ათასი პატიმრის გარდაცვალებაზეა პასუხისმგებელი. თავად დუჩი ამტკიცებდა რომ მხოლოდ ბრძანებებს ასრულებდა.

„წითელმა ქმერებმა“ პოლ პოტის თაოსნობით კამბოჯაში ძალაუფლება 1975 წელს მიიტაცეს. მათი 3,5-წლიანი მმართველობის დროს თითქმის 2 მილიონი ადამიანი განადგურდა. კამბოჯის „წითელი“ ხელისუფლება მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან რეჟიმად ითვლება.