სოფიაში პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

სოფიაში პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აქცია სახელწოდებით „დიდი სახალხო აჯანყება“ სოფიაში პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ დღეს ტარდება. მომიტინგეებმა პოლიციის ავტომობილების დაზიანება სცადეს, სამართალდამცველებს კი კვერცხები და ქვები დაუშინეს. როდესაც დემონსტრანტებმა „ცოცხალი კორდონის“ გარღვევა სცადეს, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა და ცალკეული მომიტინგეებიც დაკავება დაიწყო. შეტაკებების შედეგად რამდენიმე ჟურნალისტი და სამართალდამცველი დაშავდა.

„საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ პროვოკატორები, რომლებმაც პოლიციის წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. ჩვენი ქმედება საპასუხო ნაბიჯს წარმოადგენდა, მას შემდეგ რაც არაერთი მოწოდების მიუხედავად პოლიციელების წინააღმდეგ აგრესიამ ყველა ზღვარს გადააჭარბა. 20 პოლიციელი დაშავებულია. თუ სიტუაცია გამწვავდება, იძულებულები ვიქნები, უფრო ხისტ ზომებს მივმართოთ. მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისკენ“, - განაცხადა სოფიის პოლიციის უფროსმა, გეორგი ხაჯიევმა.

ბულგარეთში თითქმის ორი თვეა მთავრობისა და გენპროკურორის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სოფიასა და სხვა ქალაქებში ყოველდღიურად ტარდება მიტინგები, რომლებშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობს.

ბულგარეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, რომელშიც საკანონმდებლო ძალაუფლება პარლამენტის ხელშია კონცენტრირებული. პრეზიდენტს უფლება აქვს, პარლამენტის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვეტო სამჯერ დაადოს, მეოთხედ კი პარლამენტს ვეტოს დაძლევა შეუძლია.