3500 სოციალურად დაუცველ ოჯახსა და 1500-მდე პენსიონერს ზედმეტად მიღებული პენსიებისა და სოციალური დახმარებების დაბრუნება აღარ მოუწევს

3500 სოციალურად დაუცველ ოჯახსა და 1500-მდე პენსიონერს ზედმეტად მიღებული პენსიებისა და სოციალური დახმარებების დაბრუნება აღარ მოუწევს

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ხვალ ბიუროზე დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც გულისხმობს 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული პენსიებისა და სოციალური დახმარებების უკან დაბრუნების ვალდებულებებისაგან ბენეფიციართა გათავისუფლებას, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

„მე ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი შეღავათი, რამეთუ ზედმეტად გაცემული თანხების უკან დაბრუნება ზოგჯერ სასამართლო განხილვას ექვემდებარება და აღსრულებას, და ეს საკმაოდ მძიმედ აღიქმება, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი და პენსიონერთა მიზნობრივი ჯგუფებისათვის. ეს შეეხება დაახლოებით 3500 სოციალურად დაუცველ ოჯახსა და 1500-მდე პენსიონერს. ბიუროში დარეგისტრირების შემდეგ, უკვე დავიწყებთ საკომიტეტო განხილვებს და წარვადგენთ სესიაზე კანონპროექტს. მე ვფიქრობ, ამ კანონპროექტს მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული კომპენსაცია ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება. შესაბამისი ცვლილებები „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ხვალ ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უკვე დაკავებული თანხები, ასევე კომპენსაციის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ დაექვემდებარება.

გარდა ამისა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებასთან.

კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე არიან, რომლებიც განმარტავენ, რომ კომპენსაციის მიმღები პირი ვალდებულია, სოციალური მომსახურების სააგენტოს აცნობოს კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის შესახებ 15 დღის ვადაში, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლის (ძირითადად საჯარო საქმიანობა) თაობაზე ინფორმაციის მიწოდება არ ხდება, შესაბამისად, კომპენსაციის შეწყვეტა ხორციელდება დაგვიანებით და იწყება ზედმეტად გაცემული თანხების ამოღების ბენეფიციარისთვის მტკივნეული პროცესი, რომელიც ხშირად დროში გახანგრძლივებული პროცესია და ხანდაზმული მოსახლეობის ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების ან მარჩენალდაკარული ოჯახების (კომპენსაციის შემთხვევაში) მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს, მათ უწევთ თანხების უკან დაბრუნება, სასამართლო პროცესები და ა.შ. რაც კიდევ უფრო მწვავე პრობლემაა კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ფონზე.