მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი კვლავ ითხოვს, საქმის მასალები FBI-ის ექსპერტებმა დროულად შეისწავლონ

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი კვლავ ითხოვს, საქმის მასალები FBI-ის ექსპერტებმა დროულად შეისწავლონ

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ოჯახი კვლავ ითხოვს, საქმის მასალები FBI-ის ექსპერტებმა დროულად შეისწავლონ. ამის შესახებ რამიშვილმა გენერალურ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენი სურვილია დანაშაულის გადაკვალიფიცირება, მოგეხსენებათ სხვა მუხლითაა აღძრული საქმე, ბევრი კითხვის ნიშნებია. ველოდებით, როდის იქნება ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დღემდე არ მოსულა. დრო რომ არ გაწელილიყო და გაჭიანურებულიყო, ჩვენ უარი ვთქვით 14 სექტემბრისთვის უცხოელი ექსპერტების ჩამოსვლაზე. ჩვენ მაინც ვრჩებით იმ მოთხოვნით, რომ FBI-ის ექსპერტები იყვნენ ბოლომდე ჩართულები ამ საქმეში, დროულად მოითხოვონ ის მონაცემები, რაც არის წაშლილი ლეპტოპიდან, ასევე ის ინფორმაციაც, ვინ იყო ის პიროვნება, ვინც გაიყვანა თამუნა სახლიდან და ვინ დაგეგმა ეს ყველაფერი", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.