„მოხარული ვარ, წარმოგიდგინოთ ახალი პროექტი სახელწოდებით Log-in Georgia, რომელიც მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა და განხორციელდა“, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
„მსურს, ხაზი გავუსვა ამ პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რადგან ჩვენ მიზნად ვისახავთ 1 000 სოფლისა და 500 000 ადამიანის ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირებას, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში. ჩემი აზრით, ეს პროექტი წარმოადგენს ორ მნიშვნელოვან შესაძლებლობას. პირველი - ის ხელს შეუწყობს მეტად მნიშვნელოვანი გამოწვევის დაძლევას, რომლის წინაშეც ვდგავართ საქართველოში. ესაა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური დუალიზმი. მაგალითად, როგორც ახლა, მე შემიძლია ინტერნეტში ნავიგაცია და თბილისში, ღია ცის ქვეშ პარკში მუშაობა, იგივე შესაძლებლობა ჰქონდეს თითოეულ მოქალაქეს სოფლებსა და მაღალმთიან დასახლებებში. მეორე - ჩემი აზრით, ამ პროექტიდან გამომდინარე, რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური შესაძლებლობა არსებობს, როგორიცაა მეწარმეობის ხელშეწყობა. ზოგადად, მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისთვის, ინტერნეტიზაციას ეკონომიკური სარგებლისა და კონკურენტუნარიანობის მოტანა შეუძლია“- განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.
მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის ფარგლებში, 1000 სოფელი მაღალი ხარისხის ინტერნეტს დაუკავშირდება. ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 35.7 მლნ ევროს მოცულობის (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება გამოყო Log-in Georgia პროექტისთვის, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.