ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში არ ჩაერიოს

ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში არ ჩაერიოს

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში ჩარევისგან.

„თუ რუსეთი პატივს სცემს ბელარუსის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, მაშინ რუსეთმა ასევე პატივი უნდა სცეს ბელარუსი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს“, - აღნიშნა ჟოზეპ ბორელმა.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“.

მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.