ნატოს გენმდივანი: ბელარუსში დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის ნატოს საბაბად გამოყენების მცდელობებს ვხედავთ

ნატოს გენმდივანი: ბელარუსში დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის ნატოს საბაბად გამოყენების მცდელობებს ვხედავთ

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი ბელარუსში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია.

„ჩვენ დავინახეთ, როგორ გამოიყენა მთავრობამ ძალა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ რეჟიმს, პრეზიდენტს, პატივი სცენ ფუნდამენტურ ღირებულებებს, ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის სიტყვის თავისუფლებასა და მშვიდობიანი დემონსტრაციების გამართვის უფლებას, რაც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ნაწილია“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო ყურადღებით აკვირდება ბელარუსში მოვლენების განვითარებას.

„ნატოს ყველა მოკავშირესთვის ცხადია, რომ ბელარუსებს უფლება აქვთ გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი საზღვარგარეთიდან, რუსეთიდან ჩარევის გარეშე. რა თქმა უნდა, მათ აქვთ უფლება ჰქონდეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ბელარუსში დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის ნატოს საბაბად გამოყენების მცდელობებს ვხედავთ, რაც აბსოლუტურად არასწორია. ბელარუსში ცდილობენ საშინაო საკითხებიდან ყურადღება გარე საკითხებზე გადაიტანონ და საკუთარი ხალხის მიმართ ძალადობის გამოყენების საბაბი შექმნან. ეს მიუღებელია“, - დასძინა მან.

16 აგვისტოს ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის საზღვრის დასავლეთ ნაწილთან ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ტანკები და თვითმფრინავები განათავსა.