სერგეი ლავროვი: ახლა ბელარუსის ოპოზიციას დასავლეთი მართავს

სერგეი ლავროვი: ახლა ბელარუსის ოპოზიციას დასავლეთი მართავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, სტივენ ბიგანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ბელარუსის ოპოზიციას დასავლეთი მართავს“.

„ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარებისა და შემდგომში საყოველთაო არჩევნების გამართვის ინიციატივით გამოვიდა. ვფიქრობ, მან ხელი გაუწოდა მათ, ვინც დაინტერესებულია სტაბილური და ერთიანი ბელარუსით. რა თქმა უნდა, ეს ოპოზიციამ უნდა შეამჩნიოს და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც, რომლებიც ახლა ოპოზიციას მართავენ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“.

მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.