ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული სამივე პირის მდგომარეობა ამ ეტაპზე, ფასდება კრიტიკულად, ვინაიდან სამივე პაციენტთან გამოხატულია პოლიტრავმა და მისი შედეგები. ამ ეტაპზე პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ლევან რატიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, დინამიკა პროგრესირებს და მათ ნაწილობრივ დამოუკიდებლად სუნთქვაც შეუძლიათ.
„ჰემოდინამიკური პარამეტრები და უარყოფითი დინამიკა ბოლო რამდენიმე საათია არ ვლინდება, თუმცა არასტაბილური ჰემოდინამიკის გამო ისინი იმყოფებიან ე.წ. ვაზოპრეზო ადრონომემოტიკურ მხარდაჭერაზე, მაგრამ მაქსიმალური დოზა შემცირდა საშუალო დოზებამდე. სამივე მათგანთან ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია გრძელდება. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება. უარყოფითი დინამიკა ორ მათგანთან გამოიხატება ანთებითი მარკერების მხრივ, შეიცვალა ანტიბიოტილო თერაპია. მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ სიცოცხლე შეუნარჩუნდეთ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
23 აგვისტოს შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.
სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.