პასუხის პასუხი ჩემს გამომცდელს – ბატონ დავით ზარდიაშვილს :)

პასუხის პასუხი ჩემს გამომცდელს – ბატონ დავით ზარდიაშვილს :)

ბატონმა დავით ზარდიაშვილმა ძალიან სერიოზულად მიიღო ჩემს მიერ ქალბატონ მაკატერინა კატერინასადმი მიწერილი პასუხი და გადაწყვიტა ჩემი ხუმრობით ნათქვამი პრეტენზია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობაზე ძირშივე ჩაეკლა.

http://for.ge/view.php?for_id=20060&f_cat=12&a_title=solomonis+testi

არ ვიცი, ეს იმას დავაბრალო, რომ For.ge-მ ჩემი ბლოგის ბოლოს ხუმრობის აღმნიშვნელი სმაილიკი არ გადააკოპირა, თუ ბატონ დავითს თავად აქვს პრეტენზიები ამ თანამდებობაზე, მაგრამ კი გამიკვირდა ამ საახალწლოდ ეგზომ ოპერატიული გამოპასუხება.

კიდევ რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები, სრული სერიოზულობით ვაცხადებ შემდეგს:
საკონსტიტუციო სამართალი და ზოგადად სამართალი ჩემი პროფესია არ არის და სინამდვილეში არავითარ ტესტის გავლას არ ვაპირებ. ხოლო ჩემს ფეისბუქელ ფრენდებთან რომელ კითხვაზე რას და როგორ ვუპასუხებ, ეს ჩემ კონსტიტუციურ უფლებად მიმაჩნია.
ბატონ დავითს შეეშალა, როცა აღნიშნულ საკონსტიტუციო პრობლემატიკაზე ჩემი მხოლოდ ორი ბოლო სტატიის მიმიხოლვა-განქიქებით შემოიფარგლა. პირველად იმავე პრობლემაზე მე გაცილებით ადრე 11 დეკემბერს დავწერე და ფაქტიურად ბატონი დავითის ძალიან მსგავსი აზრი გამოვთქვი იმ შესაძლო ალტერნატივაზე, რასაც პატივცემული ოპონენტი ამჟამად ერთადერთ და სწორ სტრატეგიად თვლის. – „იხ. ალტერნატიული სტრატეგიები“. http://solomonternaleli.wordpress.com/2012/12/11/ალტერნატიული-სტრატეგიებ/
რაც შეეხება იმას, რატომ ვუწოდე მე ივანიშვილის ბოლო წინადადებას „მეფური გამბიტი“ (აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ როგორ და რა სიგრძის სათაურებს ავარჩევ ჩემი ბლოგისათვის, ესეც ჩემს კონსტიტუციურ უფლებად მიმაჩნია, ხოლო სხვებს რა მოეწონებათ და რა – არა, ეს – მათ კონსტიტუციურ უფლებად . დიახ, მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ შეიძლება საკონსტიტუციო ცვლილებების თარიღის გადმოწევა და მათი ნაადრევი ამოქმედება (2013 წ. 20 იანვრისათვის) ყველაზე ლოგიკური ნაბიჯი იყოს, რაც იმითაც გამართლებულია, რომ პრეზიდენტის 5-წლიანი საკონსტიტუციო ვადა სწორედ ამ დროს იწურება. მაგრამ არის რამდენიმე „მაგრამ“ -
ა) ჯერ ერთი, ეს მაინც გამოიწვევს სხვა პუნქტების ცვლილებების აუცილებლობას (მაგალითად შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის ცვლილებას)
მეორეც, აქ ჩანს ის აშკარა სარგებელი, რასაც „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებით იღებს და არ ჩანს არავითარი „საპასუხო დათმობა“, რაც შეიძლებოდა ოპოზიციაში გადასული პრეზიდენტისათვის სარგებელი იყოს;

დარწმუნებული ვარ, რომ ნაცმოძრაობისათვის უფრო ძნელი ასახსნელი იქნება, რატომ ამბობს ის უარს ივანიშვილის წინადადებაზე, ვიდრე ის, რატომ ამბობს ის უარს საკონსტიტციო რეფორმის თარიღის წინ გადმოწევაზე.
რატომღაც მგონია, რომ დასავლეთიც უფრო გაგებით მოეკიდება სწორედ ივანიშვილის ვარიანტის საკონსტიტუციო ცვლილებას, ვიდრე საკონსტიტუციო რეფორმის წინ გადმოწევას. როგორც მე გავიგე (არ გეგონოთ, ტესტს ვუტარებ ბატონ დავითს), თუ კონსტიტუციაში რაიმე ორ მუხლს შორის გარკვეული კოლიზია იქმნება, დაუწერელი წესით უპირატესონა სწორედ იმ მუხლს ენიჭება, რომელიც ბოლოსაა მიღებული (ანუ ის პარაგრაფი, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, უფრო უპირატესად შეიძლება ჩაითვალოს, ვიდრე ადრე მიღებული მუხლი, რომ საპრეზიდენტო ციკლი 5 წლიანია).

For.ge-ზე იმაზე კრიტიკასაც წავაწყდი, რატომ დავარქვი ჩემს სტატიას „მეფური გამბიტი“, რომ სწორია, „მეფის გამბიტი“, ხოლო გამბიტი კი იმას ნიშნავს, რომ რაიმე ფიგურა პარტიის დასაწყისში მსხვერპლად არის შეწირული. ნება მიბოძეთ, კიდევ ერთი შესაძლო ლეგენდა გავფანტო და გითხრათ, რომ როგორც კონსტიტუციონალისტი არ ვარ, ისევე არ ვარ მოჭადრაკეც. თუმცა მაგდენი კი ვიცი, რომ გამბიტი მსხვერპლშეწირვით იწყება და ძალიანც სწორი მგონია, ამ ტერმინის გამოყენება, რადგან ივანიშვილმა სწორედ იმით დაიწყო – თუ მთავრობის და პარლამენტის გადაყენება დაშლაზე ოცნებობს, რატომ უნდა იცადოს 6 თვე, ა, ბატონო 3 თვეშივე აისრულოს გულისწადილიო. რაც საკმაოდ დახვეწილი მსხვერპლშეწირვაა მგონი. ხოლო მე რომ „მეფის გამბიტი“ დამერქმია, მაშინ ხომ სულ გადაირეოდნენ მავანნი – აჰა, მეფედ აღიარა სოლომონმა ივანიშვილიო. „მეფური“ ამ შემთხვევაში იმიტომ ვიხმარე, რომ საჭადრაკო ტერმინთანაც ახლოს იყო და ამავე დროს უფრო ლოგიკური მგონია, ვიდრე ის სხვა ვარიანტები, რომელიც მე მოვიგონე, მაგრამ რომელთა მიმართ ლოგიკური არგუმენტაცია უფრო გამოდის.

რაც შეეხება იმას, რომ მე ივანიშვილის წინადადებას თურმე „გენიალური“ ვუწოდე – ეს აშკარაა დაბნევაა, ან მკითხველის, ან ბატონ დავითის მხრიდან, რომელსაც, ეტყობა, შსს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილში ავერიე. და ვშიშობ, ახლა ვინმემ შსს მინისტრობის წადილიც არ მომაკეროს! ასევე აბსოლუტურად უსაფუძვლოა ბატონ დავითის დაბრალება, რომ მე თითქოს ფანტაზიიდან მოვიხმე „მაკატერინა კატერინა“. ასეთი ადამიანი ნამდვილად არსებობს, იგი ფეისბუქზე ჩემი მეგობარია და ასეთი კითხვა სწორედაც რომ მან დამისვა ფეისბუქზე 28 დეკემბერს, საღამოს 10:46-ზე. ასე რომ ზედმეტ ფანტაზიებს თუ არ დამაბრალებთ, კარგი იქნება, რაც მაქვს, ისიც საკმარისია.
ნამდვილად არ მეგონა, საახალწლოდ ასეთ ინტერესს თუ დავიმსახურებდი. ერთი თხოვნა მექნებოდა ბატონ გია იაკობაშვილთან და ქ-ნ როზი ჯღამაიასთან, თუ მომავალშიც გააგრძელებენ ჩემი სტატიების განთავსებას For.ge-ზე, ყოველი სტატიის ბოლოს განათავსონ ეს წინადადება: ამ სტატიიის სრული ვერსია, ისევე, როგორც სოლომონ თერნალელის სხვა სტატიები შეგიძლიათ იხილოთ მის ბლოგზე: http://solomonternaleli.wordpress.com

ყველას გილოცავთ ახალ წელს და ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ! მათ შორის, ბატონ დავითს, რომლის მადლობელი ვარ, რადგან დრო დამითმო, რეიტინგიც ამიმაღლა და ბევრი სწორი აზრიც გამოთქვა (დავენანე კიდეც „ეჰ-ეჰ-ო“, რაც მის ჩემდამი კეთილგანწყობას ადასტურებს).

პატივისცემით,

სოლომონი (არაკონსტიტუციონალისტი, უბრალოდ მოქალაქე)