ამირან გამყრელიძე: კარგია, რომ მეტი ინვესტიციები იდება განათლებაში, თუმცა ამას პარალელურად უნდა სდევდეს ინვესტიციები მეცნიერებაში

ამირან გამყრელიძე: კარგია, რომ მეტი ინვესტიციები იდება განათლებაში, თუმცა ამას პარალელურად უნდა სდევდეს ინვესტიციები მეცნიერებაში

„კარგია, რომ მეტი ინვესტიციები იდება განათლებაში, თუმცა ამას პარალელურად უნდა სდევდეს ინვესტიციები მეცნიერებაში. სტუდენტი არ უნდა სწავლობდეს მხოლოდ იმას, რასაც ლექციაზე უკითხავენ. ის ასევე უნდა სწავლობდეს იმ საკითხის მეცნიერებას და უნდა იყოს მეცნიერულად მოაზროვნე“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „National Geographic - საქართველოსთან“ საუბრისას განაცხადა.

„ზოგადად ვფიქრობ, რომ ჩვენსავით პატარა ქვეყნისთვის რამდენიმე მთავარი დარგის განვითარებაში სახელმწიფოს ხელშეწყობა აუცილებელია. მათ შორისაა განათლება და მეცნიერება ერთად (რადგან განათლება მეცნიერების გარეშე და მეცნიერება განათლების გარეშე წარმოუდგენელია) და მოსახლეობის ჯანმრთელობა. თუკი ქვეყანას განათლებული, მეცნიერულად მოაზროვნე, ჯანმრთელი პოპულაცია ჰყავს, ის ყველანაირ ეკონომიკურ სიდუხჭირეს დაძლევს, რადგან ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკა სოციალური კეთილდღეობის მთავარი შემადგენელი ნაწილია“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებისას, მთავრობის დარწმუნება იმაში, რომ საჭირო იყო შეზღუდვების დაწესება, რთული არ ყოფილა.

„დაგვევალა, მთავრობისთვის შესაბამისი გადაწყვეტილება მოგვემზადებინა. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს საქართველოში ებოლას პრობლემა არ დამდგარა, ჩვენ მოსამზადებელი სამუშაოები ჩავატარეთ. შესაბამისად, გარკვეული გამოცდილება გვქონდა. ასევე გვქონდა სხვა გადაუდებელ სიტუაციებთან გამკლავების გამოცდილებაც (წითელას ეპიდემია, 90-იანი წლების დიფთერია და ა.შ.). როგორც წესი, ასეთ დროს იქმნება საკოორდინაციო საბჭო და იგეგმება, ვინ რა უნდა გააკეთოს. ეს მხოლოდ ჯანდაცვის საქმე არ არის – პასუხისმგებლობა მულტისექტორულია. დიდი მნიშვნელობა აქვს საზღვარზე სწორ მოქმედებას, მთელ რიგ საკითხებში პასუხისმგებელია პოლიცია, გასათვალისწინებელია კარანტინის ადმინისტრირება, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები, უცხო ქვეყნებთან ურთიერთობები თუ მრავალი სხვა“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 411 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1132-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 848 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 269.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.