გეგმავს თუ არა რუსეთი ბელარუსში ჯარების შეყვანას

გეგმავს თუ არა რუსეთი ბელარუსში ჯარების შეყვანას

სამხედრო ტექნიკა რუსეთ-ბელარუსის საზღვართან - ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მძიმე ტექნიკის გადაადგილების კადრები გავრცელდა. ამას წინ უძღოდა ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს სატელეფონო საუბარი. შემაშფოთებელია რუსი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების განცხადებები. პრაქტიკულად ყველა მათგანი ღიად ამბობს, რომ პუტინი ყველაფერს გააკეთებს, რათა ბელარუსი არა ევროპის, არამედ რუსეთის ორბიტაზე დარჩეს. იმისთვის რომ რუსეთმა პროვოკაციული სცენარი განახორციელოს, ბელარუსში მას ისეთი ლიდერი სჭირდება, რომელიც ამ პროვოკაციას წამოეგება.

რუსეთიდან ბელარუსის საზღვრისკენ მიმავალ მაგისტრალზე რუსეთის გვარდიის იდენტური სამხედრო ავტომობილები დააფიქსირეს, რომლებიც ნომრების გარეშე გადაადგილდბოდნენ. კადრები პუტინისა და ლუკაშენკოს სატელეფონო საუბრის შემდეგ, მეორე დღეს არის გადაღებული. რუსეთის ლიდერი ბელარუს კოლეგას, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო დახმარებას შეპირდა.

„რუსეთის ხელისუფლების მიზანი ერთია, პუტინისათვის ისევ და ისევ პრიორიტეტული ამოცანაა ბელარუსის ანექსია ისეთი სცენარით, რომლითაც ის თავს აარიდებს კონსტიტუციის შესწორებებს, რაც მისთვის დამამცირებელია. ცხადია პრიორიტეტული ამოცანაა, რომ, მაგალითად, სამოკავშირეო სახელმწიფოს მმართველი გახდეს კიდევ 45 წლით“, - აცხადებს ექსპერტი ალექსანდრე რიკლინი.

„სავსებით შესაძლებელია, პუტინს სწამდეს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს წასვლით და პროდასავლური პოლიტიკოსების მოსვლით, შესაძლოა ბელარუსის ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გამოჩნდეს, რაც კრემლისთვის საყურადღებოა. პუტინის გარემოცვის ის წარმომადგენლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ლუკაშენკოს ჩამოგდებით ბელარუსის ნატოსთან დაახლოების საფრთხე რეალურია, ცხადია, ვლადიმერ პუტინს სამხედრო ჩარევისკენ უბიძგებენ​“, - აცხადებს პოლიტოლოგი სტანისლავ ბელკოვსკი.

კრემლის მოსაზრებების გამხმოვანებელი, ევგენი სატანოვსკი განმარტავს, რომ სტრატეგიული სამხედრო ობიექტების შენარჩუნების მიზნით, რუსეთი ბელარუსს არ დათმობს.

„ბელარუსის ტერიტორიაზე არსებული სტრატეგიული ობიექტები საბჭოთა პერიოდიდან შენდებოდა და გამოიყენებოდა რუსეთის მიერ. ისინი ისეთივე მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, როგორც სევასტოპოლის სამხედრო საზღვაო ბაზა. ფიქრობთ, რომ რუსეთი უარს იტყვის წინა ფლანგის თავდაცვაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აშშ-ს მხრიდან ბირთვული დაბომბვისგან 5 ათასი კილომეტრით იცავს? ხომ არ გაგიჟდით?! სტრატეგიული ობიექტის ბედს ვერც პოლონეთი გადაწყვეტს, ვერც ამერიკა და ვერც ნატო. მესმის, რომ ეს არადემოკრატიულია, მაგრამ არც ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვა იყო დემოკრატიული ნაბიჯი. ცივი ომი დაბრუნდა“, - განაცხადა რუსეთის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ევგენი სატანოვსკიმ.

​ბელარუსის მასშტაბით ანტისამთავრობო აქციები არ წყდება. დემონსტრანტებს დასავლეთის სრული მხარდაჭერა აქვთ. ევროკავშირი ლუკაშენკოს პრეზიდენტად არ აღიარებს. ხალხი მის გადადგომას ითხოვს. საერთაშორისო საზოგადოება მთავრობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებაში ადანაშაულებს. ამ გარემოებების ფონზე, ექსპერტების განმარტებით პუტინისთვის მთავარ საფრთხეს ბელარუსში დემოკრატიული, დასავლური ორიენტაციისა და ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე ძალების დამკვიდრება წარმოადგენს. ლუკაშენკოსთან ერთად თუ მის გარეშე, რუსეთისთვის მთავარია ბელარუსი რუსეთთან დარჩეს.

თუ ბელარუსი ევროკავშირის, ნატოს და დასავლეთის მიმართულებით დაიწყებს გადახრას, ამას მოსკოვში ყველაზე სერიოზულ საფრთხედ განიხილავენ.

„ეს არც უკრაინის შემთხვევაში მოსწონდათ, მაგრამ უკრაინა კიდევ შორსაა და აქ რუსეთისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა - სმოლენსკთან ნატოს ტანკების გამოჩენის საფრთხეა. მართალია, ბელარუსში ჯერ ნატოში გაწევრიანებაზე არ ფიქრობენ და არც რაიმე მოუმოქმედებიათ ამ მიმართულებით, მაგრამ მოსკოვისთვის ეს მუდმივი შიშია, როგორც საქართველოს შემთხვევაში, ისე უკრაინის და მით უმეტეს - ბელარუსის“, - აცხადებს სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი.

ბელარუსის კრიზისში რუსეთის სამხედრო ჩარევის პოტენციურ პროვოკაციულ სქემაზე უკვე ალაპარაკდა კრემლის რუპორად ცნობილი ვლადიმერ ჟირინოვსკი, რომელმაც თავად განმარტა, რატომ ნატრობს სააკაშვილის ორეულს ბელარუსში.

„აქამდე რუსეთი ეკონომიკურად ეხმარებოდა ბელარუსს და ეგონა, რომ ყველაფერი მშვიდად იქნებოდა, ახლა ამ ვითარებაში კი მხოლოდ ომის გზა დაგვრჩენია. ისევე როგორც საქართველოში, სააკაშვილი უნდა გამოჩნდეს მინსკში, და დაიწყოს საომარი მოქმედებები. ჩვენ დავეხმარებით, ვაიძულებთ მშვიდობას, სამხედრო ძალით შეგვიძლია, შევინარჩუნოთ ტერიტორია“, - აცხადებს ჟირინოვსკი.

მას შემდეგ რაც ევროკავშირმა ლუკაშენკოს ლეგიტიმურობა უარყო, ევროპის უკანასკნელ დიქტატორს მეტი თავისუფლება მიეცა. იგი ხალხის აზრით დაინტერესებულ პირს აღარ თამაშობს და უსაფრთხოების საბჭოზე უკვე მოითხოვა, რომ პოლიციამ მინსკში გამართული აქციები ჩაახშოს. ლუკაშენკომ პუტინს შეახსენა, რომ ბელარუსის უსაფრთხოება ორი ქვეყნის საერთო ინტერესის სფეროა. ექსპერტების განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ კრემლი სამხედრო ძალის გამოყენებით ლუკაშენკოს მმართველობის შენარჩუნებაში დაეხმარება, ბელარუსის ლიდერს თავისი საფასურის გადახდა მოუწევს. კერძოდ, ეს შეიძლება იყოს ბელარუსში რუსული სამხედრო ბაზების აშენება და ფისკალური პოლიტიკის რუსეთთან გაერთიანება. ამის შედეგად შესაძლოა ბელარუსი რუსეთის დე ფაქტო პროვინციად იქცეს.

 

 

Katana . სატანოვსკია თუ ანგელოვსკი, სავსებით რეალისტურად მსჯელობს!..
რუსეთის დედაც და პუტინის ფანებისაც, მაგრამ კაცი უნდა იყო ობიექტური (ანუ თავი წარმოიდგინო სხვის ადგილზე!): როცა რუსეთისაგან მოითხოვ დემოკრატიისადმი პატივისცემას, უნდა გაიხსენო, რამდენად დემოკრატიული იყო ნატოს მოქმედება იუგოსლავიაში, როცა გაეროს უშიშროების საბჭოს ფეხებზე დაკიდებით, ქვა ქვაზე დაადუღეს, სერბიის უძველეს ქრისტანულ ცენტრში მუსულმანური ანკლავი რომ ჩაუსვეს და სახელმწიფოდ უღიარეს!
3 წლის უკან
Katana . ბელგიელი ჟურნალისტი, მიშელ კოლონი: „ყოველი ომი იწყება მედიის სიცრუით!“ (ანალიზი კოსოვოს კონფლიქტის შესახებ), - არანაირი გენოციდი კოსოვოში არ მომხდარა!
იხ. კოსოვოს დაბომბვის საშინელი ვიდეო-კადრები!
ბმული
3 წლის უკან