ბოლივიიდან გაქცეულ ევო მორალესს გაუპატიურებასა და ადამიანებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ

ბოლივიიდან გაქცეულ ევო მორალესს გაუპატიურებასა და ადამიანებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ

ბოლივიიდან გაქცეულ ყოფილ პრეზიდენტს, ევო მორალესს სამშობლოში გაუპატიურებასა და ადამიანებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ. ინფორმაცია ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ბოლივიის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქმე ეფუძნება მედიაში გავრცელებულ ფოტოებს, რომლებზეც ყოფილი პრეზიდენტი 19 წლის გოგოსთანაა გადაღებული. არსებული ინფორმაციით, მათი ურთიერთობის დაწყების დროს გოგო მხოლოდ 14 წლის იყო.

უწყების განცხადებით, ახლა მიმდინარეობს გოგოს მშობლების როლის დადგენა, რომლებსაც შვილს მორალესთან ერთად მოგზაურობის ნება დართეს. გაუპატიურების მუხლით მორალესს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ადამიანებით ვაჭრობის მუხლით კი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მანამდე ბოლივიის პროკურატურამ მორალესს ტერორიზმის დაფინანსებაში წაუყენა ბრალი. პრეზიდენტის მოვალებოსის შემსრულებელი ჟანინ ანიესი აცხადებს, რომ არ მიიღებს კანონს, რომელიც ევო მორალესს სისხლის სამართლებრივი დევნისგან დაიცავდა.

მორალესი თანამდებობიდან 2019 წლის 11 ნოემბერს გადადგა. მან დედაქალაქი მას შემდეგ დატოვა, რაც შეიარაღებული ძალების მეთაურმა, უილიამს კალიმანმა მას თანამდებობიდან წასვლისკენ მოუწოდა.