„რუსეთის ფედერაციასთან ფრენები საქართველოს არ შეუწყვეტია, ფრენების აღდგენა დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციასა და, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ისე - საქართველოში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა მალე აღდგება. „ვიმედოვნებ, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა ახლო მომავლის საკითხია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მოვლენებს და ველოდებით რეგიონში და მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებასა და ავიამიმოსვლის აღდგენას“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
2019 წლის 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ.