ხაშურის შემოვლითი გზა გაიხსნა

ხაშურის შემოვლითი გზა გაიხსნა

ხაშურის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე შესაძლებელია, - აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პროექტის ნაწილი დღეს გაიხსნა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერ, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრ, მაია ცქიტიშვილთან ერთად დაესწრო.

პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით და ევროკავშირის ფინანსური გარანტიით განხორციელდა და 133 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერის წილი პროექტში 50 მლნ ლარია.

ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე ექსპლუატაციაში შევიდა 4 ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ-ზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს 2-ზოლიან გზაზე. გზის 1.5 კმ-იან მონაკვეთზე დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13 კილომეტრი 4-ზოლიანი იქნება.

ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და არსებულ გზას სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან უერთდება. ამ მონაკვეთზე აშენდა 420-მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა.

შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს ხაშურს საცობებისგან, ტრანზიტული მოძრაობა კი, სრულად ახალ გზაზე განხორციელდება. ხაშურის შემოვლითი გზის საშუალებით მგზავრობის დრო 40-50%-ით შემცირდება და 20 წუთის ნაცვლად 10 წუთში იქნება შესაძლებელი.