გუშინ ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში, პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდი, 47 წლის ნადირ სალიფოვი, იგივე "გული" მოკლეს.
წარმოშობით დმანისელ ნადირ სალიფოვს, საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდა და ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.
სალიფოვის მკვლელობამ შესაძლოა, აფხაზეთში წლების წინ დაწყებული და მიჩუმებული კრიმინალური პროცესები შეცვალოს. ნადირ სალიფოვის მკვლელობის შემდეგ, აფხაზეთში ვარაუდობენ, რომ დროებით მიჩუმებული სასტიკი, ამბიციური და კონფლიქტური რაულ ბარცბა, იგივე "პიზა", რომელიც აქამდე ასპარეზზე არ ჩანდა, ისევ გამოჩნდება და ე.წ. ხელმღვანელობას, რომელიც კრიმინალთან ბრძოლაში არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება, გავლენების გასაფართოვებლად ახალი ძალით შეუტევს.
"რაც მეტ კრიმინალს გაისტუმრებენ იმ ქვეყნად, მით უკეთესი, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ის დრო დაბრუნდეს, როდესაც ბარცბასა და მისი კლანის წევრების Land Rover-ები ქუჩებს კეტავდნენ და მათ მშვიდ და სტაბილურ გადაადგილებას ჩვენი უმწეო მილიცია იცავდა.
მას შემდეგ, რაც ავიძბა და შამბა დახოცეს, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ნაწილმა ეროვნული გმირებივით იგლოვა, ბარცბა თავის სასახლეში ჩაიკეტა და უსაფრთხოება გააძლიერა.
ბარცბასთან დაპირისპირებაში, მყოფმა მერაბ ჯანგველაძის კლანმა, სალიფოვის გავლენებით, ბარცბას თავისი ძალა დაანახვა. ახლა კი, სრულიად მოსალოდნელია, "პიზას" მეორე სუნთქვა გაეხსნას, ვნახოთ, როგორ იმოქმებენ სალიფოვის მემკვდრეები..." - წერს აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი "ზანურ კვეცბა".