ანგელა მერკელი: ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიან მანიფესტანტებს - ბელარუსში არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი არ იყო და მისი შედეგების აღიარება არ შეიძლება

ანგელა მერკელი: ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიან მანიფესტანტებს - ბელარუსში არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი არ იყო და მისი შედეგების აღიარება არ შეიძლება

ბელარუსის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ძალადობა უნდა შეწყვიტოს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბელარუსის საკითხზე ევროკავშირის საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიან მანიფესტანტებს. არჩევნებზე მასშტაბურ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი არ იყო და მისი შედეგების აღიარება არ შეიძლება“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა ალექსანდრე ლუკაშენკოს ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდა.

„ოპოზიციამ თავად უნდა განაცხადოს, თუ რა უნდა. შუამავლობის შესაძლებლობას ჯერ ვერ ვხედავ, რადგან ალექსანდრე ლუკაშენკო სატელეფონო საუბარზე უარს ამბობს. ბელარუსმა თავად უნდა აირჩიოს გზა, რომელიც ქვეყნის შიგნით დიალოგს უნდა ეფუძნებოდეს. შიდა საქმეებში ჩარევა არ უნდა მოხდეს. მჭიდროდ ვეკონტაქტებით რუსეთს, რათა ეს არ მოხდეს“, - დასძინა ანგელა მერკელმა.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ლუკაშენკოს გადადგომასა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას, ერთ კვირაზე მეტია, ითხოვენ.

17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“.

მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.