ჯო ბაიდენი: ბელარუსის მამაცი მოქალაქეები აჩვენებენ, რომ ტერორითა და წამებით მათ ვერ გააჩუმებენ

ჯო ბაიდენი: ბელარუსის მამაცი მოქალაქეები აჩვენებენ, რომ ტერორითა და წამებით მათ ვერ გააჩუმებენ

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„ბელარუსის მამაცი მოქალაქეები აჩვენებენ, რომ მათ ვერ გააჩუმებენ ტერორითა და წამებით. აშშ-მა მხარი უნდა დაუჭიროს სვეტლანა ტიხანოვსკაიას მოწოდებას სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესახებ. რუსეთს უნდა უთხრან, რომ არ ჩაერიოს. ეს არა გეოპოლიტიკის, არამედ საკუთარი ლიდერის არჩევის უფლების საკითხია“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ლუკაშენკოს გადადგომასა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას, ერთ კვირაზე მეტია, ითხოვენ.

17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“.

მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.