ტიხანოვსკაიამ ევროპულ საბჭოს მოუწოდა, ბელარუსის არჩევნების შედეგები არ ცნოს

ტიხანოვსკაიამ ევროპულ საბჭოს მოუწოდა, ბელარუსის არჩევნების შედეგები არ ცნოს

ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ევროპულ საბჭოს მოუწოდა, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ ცნოს. ვიდეომიმართვა მისი მეუღლის, სერგეი ტიხანოვსკის You Tube-გვერდზე გავრცელდა.

„უკვე მეორე კვირაა, ჩემი ხალხი მშვიდობიანად იბრძვის თავისი კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებისთვის, აირჩიოს თავისი ლიდერები. 9 აგვისტოს არჩევნები არც სამართლიანი და არც გამჭვირვალე იყო. მათი შედეგები გაყალბებულია. ბელარუსის ქალაქებში თავიანთი ხმების დასაცავად გამოსულ ადამიანებს სასტიკად სცემა, აღუკვეთა თავისუფლება და აწამა რეჟიმმა, რომელიც გაშმაგებით იბრძვის გადარჩენისთვის. ასობით ადამიანი დაშავდა, სულ მცირე ორი კი გარდაიცვალა. ეს ყველაფერი ევროპის ცენტრში ხდება. მოგიწოდებთ, არ აღიაროთ ეს გაყალბებული არჩევნები. ლუკაშენკომ დაკარგა ლეგიტიმობა ჩვენი ხალხისა და მთელი მსოფლიოს თვალებში. ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების მიზნით დავაანონსე საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რომელიც ახალ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს. მოგიწოდებთ, დაიცვათ საერთაშორისო სამართლის პრინციპები, ბელარუსის სუვერენიტეტი და მისი ხალხის არჩევანი“, - განაცხადა ტიხანოვსკაიამ.

დღეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ბელარუსში არსებულ ვითარებაზე სამიტს გამართავენ.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ლუკაშენკოს გადადგომასა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას, ერთ კვირაზე მეტია, ითხოვენ.

17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“.

მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.