ბელარუსის ქალაქ ბრესტში აქციის დაშლისას მილიციის მიერ დაჭრილი 43 წლის კაცი გარდაიცვალა

ბელარუსის ქალაქ ბრესტში აქციის დაშლისას მილიციის მიერ დაჭრილი 43 წლის კაცი გარდაიცვალა

მინსკის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა ქალაქ ბრესტის 43 წლის მკვიდრი გენადი შუტოვი, რომელიც მილიციამ 11 აგვისტოს საპროტესტო აქციის დაშლისას ცეცხლსასროლი იარაღით თავში დაჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გარდაცვლილის შვილის განცხადებით, ოჯახი გენადი შუტოვს ორი დღის განმავლობაში ეძებდა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის ჯერ ბრესტის საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი ვერტმფრენით მინსკის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

9-11 აგვისტოს ბრესტში აქციების დაშლის შემდეგ საავადმყოფოებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით 100-მდე ადამიანმა მიმართა.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ლუკაშენკოს გადადგომასა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას, ერთ კვირაზე მეტია, ითხოვენ.

17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“.

მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.