სერგი კაპანაძემ „ევროპული საქართველოს“ აქტივისტებისთვის ჯარიმების გამოწერა თბილისის მერიაში გაასაჩივრა

სერგი კაპანაძემ „ევროპული საქართველოს“ აქტივისტებისთვის ჯარიმების გამოწერა თბილისის მერიაში გაასაჩივრა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ თბილისის მერიაში მათი აქტივისტებისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.

სერგი კაპანაძის განმარტებით, ხელისუფლებამ ამ ქმედებით წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ოპოზიციის წინააღმდეგ უკანონო მეთოდების გამოყენება დაიწყო.

„ხელისუფლებამ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში უკვე დაიწყო უკანონო მეთოდების გამოყენება ოპოზიციის წინააღმდეგ. ამის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო გამოვლინებაა პლაკატების ჩამოხევა და ჩვენი მომხრეების დაჯარიმება იმის გამო, რომ მათ პლაკატები გააკრეს ქალაქში. ამით ჩვენი თანამოქალაქეების სიტყვის თავისუფლება პირდაპირ შეზღუდეს და ჯამში, რამდენიმე ათასი ლარის ჯარიმა გამოუწერეს ჩვენს მხარდამჭერებს. ამით გონიათ, რომ ვინმეს დააშინებენ ან შეაჩერებენ. პირიქით, ამით ხალხი უფრო შეგულიანდა და კიდევ უფრო აქტიურად აკრავენ ჩვენს პლაკატებს. მოვედით მერიაში იმისთვის, რომ გავასაჩივროთ ეს ჯარიმები და ნამდვილად არ ვაპირებთ მათ გადახდას,“ - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება შერჩევით სამართალს იყენებს და საკუთარ მხარდამჭერებს არ აჯარიმებს.

„ეს არის ხელისუფლება, რომელიც შერჩევითად იყენებს კანონებს, ჩვენს ოფისთან, რამდენიმე თვის წინ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა გააკრეს შეურაცხმყოფელი პლაკატები მთელ კედელზე, მაშინ არც ერთი ადამიანი არ დაუკავებიათ და არც არავინ დაჯარიმებულა, არც ერთი პლაკატი არ ყოფილა ჩამოხეული მერიის სამსახურის წარმომადგენლების მიერ. ეს არის კლასიკური, ავტოკრატიისთვის დამახასიათებელი შერჩევითი მიდგომა, როდესაც კანონი ერთისთვის მოქმედებს და მეორესთვის არა,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, პარტია „ევროპული საქართველო“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მეორე პუნქტით დააჯარიმეს, რაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის განმეორებით დამახინჯებას გულისხმობს და 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.