ბელარუსში ძალიან რთული პროცესი მიმდინარეობს, რომელშიც დიდი ძალებია ჩართული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე, ლევან ბოძაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, „მსოფლიოს ამ ნაწილში ძალიან დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილება მიმდინარეობს“.
„ერთმანეთთან უნდა დავაკავშიროთ გერმანიიდან ჯარების გამოყვანა და პოლონეთში შეყვანა. ორი დღის წინ აშშ-სა და პოლონეთს შორის კიდევ შედგა შეთანხმება თავდაცვასთან დაკავშირებით, დამატებით 1000 სამხედროზე. ფაქტია, რომ მსოფლიოს ამ ნაწილში ძალიან დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილება მიმდინარეობს. ვეჭვობ, რომ რუსეთი, კონკრეტულად პუტინი ყველაფერს აკეთებს. არ არის გამორიცხული ამ ყველაფერში ლუკაშენკოს წინააღმდეგ მისი ხელიც ერიოს, რათა საბოლოოდ ბელარუსზე გავლენა გარანტირებულად მიიღოს, რაც ბოლო პერიოდში შესუსტებულად ჩანდა. ლუკაშენკო ამერიკისკენ გადაიხარა, გადადგა ნაბიჯები, რომელიც აშკარად ჩანდა, რომ ანტირუსული იყო. საბოლოოდ კი, როგორც ვხედავთ, ეს ყველაფერი ისევ მას შემოუტრიალდა და ამ შემოტრიალებაში ვხედავ, რომ პუტინის როლია, ამიტომ პროცესები არის ძალიან რთული. მეორე საკითხია, რამდენად შეიძლება გიხაროდეს ხელისუფლებაში იმ ადამიანის ყოფნა, რომელიც სამი ათეული წელია ქვეყანას მართავს და მითუმეტეს მაშინ, როცა ამ ადამიანს დიქტატორული მმართველობის ფორმა აქვს, ამიტომ შეუძლებლად მიმაჩნია ლუკაშენკოს მოქმედებების გამართლება. ბუნებრივია, ამას თავის შედეგი ძალიან მალე ექნება“, - განაცხადა ბოძაშვილმა.
შეგახსენებთ, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური შედეგების თანახმად, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩევლების ხმების 80.1 %-ით გაიმარჯვა. დემონსტრანტები ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ.