გახსოვდეთ: ლუკაშენკოს კი არა, პირველ პრეზიდენტს დაღუპავთ - ეს თქვენი აღსასრულის დასაწყისი იქნება, - ასე მიმართა ბელარუსის პრეზიდენტმა მის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე მინსკში. ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსახლეობას ქვეყნის საზღვრებთან ნატოს ჯარების სიახლოვის შესახებ შეახსენა და აღნიშნა, რომ ეს უმიზეზოდ არ ხდება.
მისივე თქმით, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების ხელახალი ჩატარება ბელარუსს დაღუპავს.
„ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი და, სამწუხაროდ, ჩვენი მშობლიური უკრაინა და მისი ხელმძღვანელობა ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოგვიწოდებენ. თუ მათ ავყვებით, ჩვენს საჰაერო ხომალდს ვერასოდეს დავასტაბილურებთ. როგორც სახელმწიფო, როგორც ერი დავიღუპებით“, - განაცხადა მან.
მიტინგზე მისვლამდე კი ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინს შორის ბოლო 2 დღეში მეორე სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა ბელარუსში არსებული ვითარება განიხილეს.
ბელარუსში ლუკაშენკოს გადადგომას და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას უკვე მეშვიდე დღეა ითხოვენ. თავიდან დემონსტრაციებს ძალის გამოყენებით შლიდნენ, მაგრამ ქუჩის გამოსვლები არ შეწყდა და მილიციამ მასობრივი დაკავებები შეწყვიტა.