მამუკა არეშიძე: ქართულმა მხარემ, სააკაშვილის მეთაურობით, კარგად იცოდა, რომ რუსეთი ომს აპირებდა

მამუკა არეშიძე: ქართულმა მხარემ, სააკაშვილის მეთაურობით, კარგად იცოდა, რომ რუსეთი ომს აპირებდა

"იმ მძიმე დღეებიდან გავიდა 12 წელი და ჩვენი უმთავრესი შეცდომა, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო ძვირი გვიჯდება, ის არის, რომ ეს მოვლენები არც სამართლებრივად და არც მორალურად არ შეფასდა", - ამის შესახებ განცხადებას ექსპერტი მამუკა არეშიძე აკეთებს, რითაც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხმაურება.

მისი განცხადებით, "ჩვენმა საზოგადოებამ ისევ არ იცის სიმართლე მომხდარის თაობაზე".

"არ ვიცით, რა ხდებოდა ომის დროს, არც ის, რა იყო ომამდე თუ მის მერე - ვგულისხმობ, მაგალითად, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას, რომლის თაობაზე გამართულ მოლაპარაკებებში სარკოზი იყო მთავარი ფიგურა. საზოგადოებამ კი არა, პარლამენტში მყოფი პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმაც არ იცის, რა წერია ამ შეთანხმებაში. არც ის არის გარკვეული, მართლაც არსებობს თუ არა დოკუმენტის ორი ვარიანტი, რომელთაგან ერთს მედვედევმა და სარკოზიმ მოაწერეს ხელი, მეორეს კი - სააკაშვილმა და სარკოზიმ. ბევრი უპასუხო კითხვაა ამ შეთანხმების მე-6 პუნქტის თაობაზეც, რომელიც გულისხმობდა ჩვენი რეგიონების სტატუსის გადაწყვეტას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

ცნობილია ასეთი ამბავიც, თითქოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ნაწილი, მაგალითად, კაჩინსკი, სთხოვდა სააკაშვილს, არ მოეწერა ხელი ამ დოკუმენტზე, რათა მსოფლიო თანამეგობრობის თვალში ოკუპაცია დადასტურებულიყო იმ ფორმით, როგორიც სინამდვილეში იყო... მოკლედ, ბევრი უმნიშვნელოვანესი დეტალია, რომლებიც საზოგადოებამ არ იცის. ჩემთვისაც კი, ვინც წლებია, ვსწავლობ ამ საკითხებს, ბევრი რამ არის უცნობი. ჩვენი უზარმაზარი შეცდომაა, რომ ეს ყველაფერი არ შევაფასეთ, სიმართლე არ გავარკვიეთ და დამნაშავეებს თავისი არ მივუზღეთ.

შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო ომი, მაგრამ ქართულმა მხარემ, სააკაშვილის მეთაურობით, კარგად იცოდა, რომ რუსეთი ომს აპირებდა, კრემლი ხაფანგს გვიგებდა... პუტინი ომისთვის 2006 წლიდან ემზადებოდა და მიუხედავად ამისა, შეგნებულად გაყვეს ხაფანგში თავი.

თუ მიაქციეთ ყურადღება, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს დაამკვიდროს შეხედულება, რომ ომი 8 აგვისტოს კი არა, 7-ში დაიწყო. ეს ხდება, რათა გადაფარონ ტალიავინის დასკვნის მიხედვით ბრალდება, რომ ქართულმა მხარემ 8-ში გამთენიისას პირველმა დაიწყო საარტილერიო შეტევა და ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში დაამკვიდრონ აზრი, რომ 7-ში შემოიჭრა რუსეთი და ეს იყო ამ შემოჭრაზე პასუხი. ვითომ თვითონ არაფერში იყვნენ დამნაშავეები! არადა, დამნაშავეები იყვნენ არა მხოლოდ იმაში, რომ საბაბი მისცეს მოწინააღმდეგეს, არამედ იმაშიც, რომ მიატოვეს მოსახლეობა და ჯარის ნაწილებიც", - განაცხადა მამუკა არეშიძემ "კვირის პალიტრასთან".

romani "შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო ომი, მაგრამ ქართულმა მხარემ, სააკაშვილის მეთაურობით, კარგად იცოდა, რომ რუსეთი ომს აპირებდა, კრემლი ხაფანგს გვიგებდა... პუტინი ომისთვის 2006 წლიდან ემზადებოდა და მიუხედავად ამისა, შეგნებულად გაყვეს ხაფანგში თავი."
ეხ, ბატონო მამუკა, ახლაც, რომ თავს არიდებთ სიმართლის თქმას და ასე, მიკიბულ-მოკიბულად, გინდათ ფონს გახვიდეთ. თქვენ თქვით სიმართლე, აღიარეთ ის, რაც საერთაშორისოზე დონეზე დიდი ხანია არის დამტკიცებული და რასაც, თავისი პირით, იმდროინდელ და ამჟამად სოცქსელებში ფართოდ გავრცელებულ დოკუმენტალურ ვიდეომასალაში ადასტურებს სააკაშვილი. სააკაშვილი ადასტურებს, თქვენ , კვლავ, ცდილობთ ნახევარი სიმართლე თქვათ. რატომ? ერთადერთი რამ, რამაც გადამაწყვეტინა სალომე ზურაბიშვილისათვის ხმა მიმეცა იყო მისი სიწრფელე და ერთადერთი სწორი პოზიცია ამ საკითხთ.ან დაკავშირებით. სხვაგვარად, მე მას ხმას არ მივცემდი, მისი უფიქრალი ალიანსის გამო თორთლაძისთანა უგვან პიროვნებასთან.
3 წლის უკან