კარანტინში მყოფი პირი, რომელიც სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, კომატოზურ მდგომარეობაშია

კარანტინში მყოფი პირი, რომელიც სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, კომატოზურ მდგომარეობაშია

კარანტინში მყოფი პირი, რომელიც სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, კომატოზურ მდგომარეობაშია. დაშავებული ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული და მისი თბილისში გადაყვანა იგეგმება. მედიკოსების თქმით, კაცის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კაცი სამედიცინო დაწესებულებაში 14 აგვისტოს, გამთენიისას უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აქვს.

შს სამინისტრომ გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. გამოძიებით დადგენილია, რომ 27 წლის მოქალაქე 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის თანმხლებ პირთან ერთად, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, 14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე, გამოძიებისთვის გაურკვეველი მიზეზით, აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა.

დაშავებულის ცოლი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს, ამბობს რომ ახალგაზრდა მამაკაცს ფსიქოლოგიური ან სხვა სახის პრობლემები არასდროს არ ქონია. სალომე ცანავა საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს.

„თურქეთში, კერძოდ ანტალიაში სეზონურ სამუშაოზე იყო. გუშინ ღამის 12 საათამდე მეხმიანებოდა, საიტზე ორ საათამდე იყო. მერე კონტაქტზე არ გამოსულა. ის კარანტინში ორ ნაცნობთან ერთად მოათავსეს. ერთმანეთის ნათესავები ან ოჯახის წევრები არ იყვნენ. რატომ მოათავსეს ერთად არ ვიცი. ვიცი რომ საკარანტინო წესი დაირღვა. თვითმკვლელობას გამოვრიცხავ. გამოიკვლიონ რა მოხდა, შეისწავლონ ვიდეო ჩანაწერები“, - გაანცხადა დაშავებული მეუღლემ, სალომე ცანავამ.