Led Zeppelin  – ზეიმი შედგა!

Led Zeppelin – ზეიმი შედგა!

როდესაც როკ მუსიკის მოყვარულები 2012 წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ვაფასებთ, ალბათ უპირველეს ყოვლისა მასობრივი მსმენელის ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ და ორიოდე სიტყვით შევეხოთ კონცერტს, რომელიც მართალია ხუთი წლის წინათაა ჩატარებული, მაგრამ მის DVD ვერსიას, მოუთმენლად ველოდით ყველა - დიდიან-პატარიანად. მეტიც, ჩვენთანაც კი, არის ოჯახები, სადაც პაპებთან ერთად,  7-10 წლის შვილიშვილებიც გაიძახოდნენ - „ახალი ბლექ დოგი და ქაშმირი მინდა“...

ამგვარად, იმდენად დიდი იყო მოლოდინი იმისა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მობილური ტელეფონის კამერით გადაღებული ერთი მეტ-ნაკლებად უმჯობესი ვერსია წარსულს ჩაბარდებოდა, რომ ზუსტად ხუთი წლის თავზე ამ  DVD-ის გამოჩენა უფრო მოსალოდნელი მოულოდნელობა იყო. თანაც განსაკუთრებით ბოლოხანს,  Led Zeppelin-ის შტაბ-ბინიდან აღწევდა ინფორმაცია, რომ DVD-ზე მიმდინარეობდა მუშაობა.

როგორი გამოვიდა კონცერტი? აი ესაა მთავარი კითხვა, რაზედაც უნდა გაიცეს პასუხი იმ ახალი და „ძველი-ახალი“ მუსიკოსების გაერთიანების გათვალისწინებით, რომელთაც ერთად დიიიდი ხანი არ ჰქონიათ დაკრული.

დავიწყოთ დიდი მამის შვილით - ჯეისონ ბონემით, რომელიც დღესაც შესანიშნავ ფორმაშია და რატომ არ უნდა ყოფილიყო ასე 2007 წელს? მთავარი სამეულიდან კი ჯონ პოლ ჯონსმა, როგორც ყოველთვის სტაბილურობისა და ზომიერების მაგალითი გვიჩვენა და მარტო ინსტრუმენტის სხეულზე მორგების ლაზათითაც შეგვახსენა, რომ ეს არის კაცი, ვის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა Led Zeppelin -ის არსებობა, თავი რომ დავანებოთ Trampled Underfoot-სა No Quarter-ს.

მოდით ახლავე ვთქვათ, რომ რიტმ-სექციამ თავისი საქმე ისევე შეასრულა, როგორც დიდი ხნის წინათ, ამას ჯონ პოლ ჯონსი-ჯონ ბონემის ტანდემი გააკეთებდა და გადავიდეთ ორ უმთავრეს ფიგურაზე, რომლებიც მათთან შედარებით, ალბათ კონცერტამდე უფრო მეტად ღელავდნენ. რობერტ პლანტის ხმის ტემბრი უნდა შესჭიდებოდა იმ სიმაღლეებს, რასაც იგი ახალგაზრდობაში შესანიშნავად ახერხებდა, მაგრამ სცენაზე ყოველთვის ეს ერთნაირად კარგად არ გამოსდიოდა. ჯიმი პეიჯს კი საუკეთესო დაკვრა დიდი ხნის წარსულს ჰქონდა ჩაბარებული და გაჭაღარავებულს, წესით უკვე რაღაც ახალი უნდა შემოეთავაზებინა...

მსმენელმაც იცოდა რა, რომ ჯონსი და ბონემი თავიანთ საქმეს ფრიადზე შეასრულებდნენ, ძირითადი ყურადღება ჯგუფის ლიდერებზე გადაიტანა და კონცერტიც დაიწყო...

Good Times Bad Times-ის ცოცხალი შესრულების აღმოჩენა, მხოლოდ უკიდურესად ძველ საარქივო ჩანაწერებშია შესაძლებელი. უკვე მაშინათვე ირკვევა, რომ ის  არასოდეს ყოფილა სასცენო სიმღერა და მისი გახსნად გამოტანა, თუნდაც სახელწოდებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ Good Times Bad Times-მა ვერც აქ ივარგა - პლანტი ვერ პოულობს ტონალობას, ბოლოში ქაოსია და კიდევ კარგი, რომ სიმღერა მოკლეა და მალევე გადადის Ramble On-ში. პლანტისთვის მნიშვნელოვანი, ოღონდ კიდევ ერთი „არასცენური“ სიმღერა კი თავის მხრივ უკვე Black Dog-ს გვიმზადებს. აი აქ იწყება კონცერტი და მსმენელიც ამჩნევს, რომ პლანტი შესანიშნავ ფორმაშია და ვინძლო უკეთაც კი მღერის, ვიდრე ზოგჯერ, ძველად... პაუზებიც ძალიან კარგადაა დაჭერილი და ხასიათიც შენარჩუნებული. მომდევნო კლასიკური საკონცერტო რეპერტუარიდან აღსანიშნავია Physical Graffity-ის In My Time Of Dying და Trampled Underfoot. მათთან ჩანაცვლებით ჯგუფი ასევე იხსენებს Presence-ის Nobody’s Fault But Mine-სა და For Your Life-ს. თუკი Nobody’s Fault But Mine 1976-1980 წლების შედარებით გაიშვიათებულ კონცერტებზე ყოველთვის ჟღერდა,  For Your Life-ის ერთადერთ კონცერტზე გამოჩენას, ჯგუფის ვერცერთი თაყვანისმცემელი ვერ წარმოიდგენდა. განსაკუთრებით გიტარული  Presence-ის სიმღერებიდან უკვე საბოლოოდ ვრწმუნდებით, რომ ჭაღარა ჯიმი პეიჯს განწყობის შექმნისას, ძალუძს ბევრად უკეთ დაკვრა, ვიდრე ამას 1980-იან წლებში აკეთებდა. პლანტი კი იმ უნარითაა დაჯილდოვებული, რაც ლეგენდარულ გიტარისტს შეაძლებინებს ამის გაკეთებას. 

ეს განსაკუთრებით  უკვე კონცერტის მომდევნო - შედარებით რომანტიკული სიმღერებიდან დაწყებული შეიგრძნობა. No Quarter და Since I’ve Been Loving You სიმღერებია, სადაც როგორც ვოკალს, ასევე გიტარას, „გასაფრენი“ არეალი ეძლევა. ანუ არც სოლოა შეზღუდული (თუნდაც ქრონომეტრაჟით) არც ვოკალ-იმპროვიზაციული შესაძლებლობები. თანაც ამ სიმღერებში ჯონ პოლ ჯონსი კლავიშებზეა და No Quarter-ში მისი ცნობილი სოლო, დუეტს აღმაფრენის კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობას ანიჭებს. კონცერტის გამოკვეთილად მისტიკურ  მიმართულებას Dazed Confused აგრძელებს - სიმღერა, რომელიც ჯიმი პეიჯმა ჯერ კიდევ The Yardbirds-ში მოღვაწეობისას შექმნა და Led Zeppelin I-ის პერიოდის კონცერტებშივე ვიოლინოს ხემით გაალამაზა. ხემს აქ პეიჯი ისევე ეფექტურად მოისვრის, როგორც ძველად, მერე კი მოდის კულმინაცია, რაზედაც აქ ბონემის ცნობილი გადასვლის მომენტი დაამთხვიეს! ნებსით, თუ პეიჯი ადრე შევიდა? როგორც არ უნდა იყოს, გამოძრომასაც ხომ სჭირდება უდიდესი ოსტატობა! ფანდი საოცრად ეფექტური გამოვიდა და ჯგუფიც Stairway To Heaven-ის შესარულებლად  მოემზადა. მსმენელი ამ სიმღერას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით ელის და მოლოდინმაც გაამართლა. მეტიც! სიმღერამ ისეთი შთაგონება მისცა მუსიკოსებს, რომ კონცერტის დაახლოებით ბოლო 45 წუთი, პრაქტიკულად ახალი კონცერტია!

როგორც ვოკალური, ასევე ინსტრუმენტული თვალსაზრისით ურთულესიThe Song Remains The Same-ის ბრწყინვალე შესრულებას მცირე გულისტკივილი სდევს თან. რა იქნებოდა, რომ სიმღერა ძველებურად The Rain Song-ში გადასულიყო და კონცერტი 8-10 წუთით გაგრძელებულიყო... მაგრამ ვინ იცის აქ ისეთივე სამომავლო ინტრიგაა ჩადებული, როგორც ამ კონცერტზე Misty Mountain Hop-ის შესრულებაში მოიაზრებოდა.

Misty Mountain Hop-ში ბექ ვოკალის ფუნქციას ჯეისონი ტვირთულობს და შესანიშნავადაც. სიმღერამ ისეთი მუხტი წამოიღო, რომ თვით სტუდიური ვერსიაც კი დაჩრდილა. საერთოდ მეოთხე ალბომი კონცერტზე ყველაზე მეტი - 4 სიმღერითაა წარმოდგენილი. აქვე აღვნიშნოთ, რომ პირველი, მეორე, Houses Of The Holy და Presenge ორ-ორი, მესამე ალბომი ერთი, ხოლო Physical Graffity კი სამი სიმღერითაა წარმოდგენილი.

Physical Graffity-ის მესამე სიმღერა კი ისეთი გამოვიდა, რომ მსმენელს ძალაუნებურად უკან აბრუნებინებს ფირს! უძლიერესია რობერტ პლანტი, რომლის ვოკალშიც უკვე განსაკუთრებულად იგრძნობა თვით Kashmir-ის ზრდის ეტაპები. ჯეისონის ულტრა თანამედროვე დრამ ტექნოლოგიის სრული ფეიერვერკი კი დანარჩენმა მუსიკოსებმაც აიტაცეს მოწოდების სიმაღლეზე... ზომიერება აქ ზედმიწევნითი სიზუსტითაა დაცული სტუდიური ვერსიის ერთგვარ „სიმშრალესა“ და 1994 წლის პეიჯ-პლანტის ვერსიის გაჯერებულ აღმოსავლეთს შორის! 

ბისზე კი Led Zeppelin კვლავ სრულიად როკ’ნ’როლ ბენდად რჩება და ასრულებს ზუსტად იმას, რაც საჭიროა. Whole Lotta Love და Rock’n’Roll ხომ მათ განსაკუთრებით აახალგაზრდავებს და როკ მუსიკის მსმენელსაც იმ იმედით აღავსებს, რომ  Led Zeppelin, ერთხელაც კვლავ გაერთიანდება და უკვე სამუდამოდ, როგორც ეს Deep Purple-ის, Colosseum-ის, Allman Brothers Band-ისა თუ Yes-ის შემთხვევაში მოხდა. ამის იმედი ძალზედ მცირეა, რადგან Atlantic Records-ის ცნობილ პროდიუსერ - აჰმედ ერტეგანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტის შემდეგ, უკვე მეექვსე წელიწადი მოდის...

თუმც დასასრულს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დღესასწაული შედგა და მისი გვირგვინი Led Zeppelin-ის DVD გახლავთ, სახელწოდებით Celebration Day!