12 აგვისტოს, 14:30 საათზე, ჯანო ბაგრატიონის ქ. N6ა (პირველი სადარბაზო, პირველი სართული) გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციის - „დავასრულოთ“ პრეზენტაცია.
ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან: ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულები: ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი და ია მეტრეველი.
საზოგადოებამ კარგად იცის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა საკუთარ ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი კლასტერი, რომელიც შედგება პოლიტიკური, მედია და „ენჯეო“ კომპონენეტებისაგან.
ეს სამი კომპონენტი მოქმედებს კოორდინირებულად და მიზანმიმართულად ამკვიდრებს თავის დღის წესრიგს. მათი დღის წესრიგი კი არის სახელმწიფო ინსტიტუტების დელეგიტიმაცია, ტრადიციული ღირებულებების მოშლა, ეკლესიის დისკრედიტაცია, განათლების და კულტურის დეგრადაცია.
უნდა ვაღიაროთ, ჩვენმა საზოგადოებამ ჯერჯერობით ვერ გამოიმუშავა იმუნიტეტი ამ მავნებელი მოვლენის წინააღმდეგ, ვინაიდან ის სარგებლობს მძლავრი საერთაშორისო იდეოლოგიური, პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერით.
ჩვენი მიზანია ამ დანაშაულებრივი ტრიადის განეიტრალება.
ამ მიზნის მისაღწევად მოვახდენთ თანამოაზრეთა კონსოლიდაციას: ვამხელთ მათ მავნებლობას ფაქტებით;
მოვახდენთ საზოგადოებრივ ზეწოლას საკანონმდებლო ორგანოზე, რომ მან მიიღოს შესაბამისი კანონები;
სათანადო ინფორმაციას მივაწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას;
შევქმნით საზოგადოებრივი აზრის გამოხატვის ახალ და ეფექტურ ფორმებს;
ორგანიზებას გავუწევთ აქციებს;
პირველი რიგის ამოცანად მიგვაჩნია, რომ ამ ტრიადის პოლიტიკურმა კომპონენტმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა მოკავშირეებმა, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ, ისეთი შედეგი მიიღონ არჩევნებში, რომ დანარჩენი ორი ნაწილის არსებობამ აზრი დაკარგოს.
ამ ამოცანის შესრულება ჩვენი ქვეყნის არსებული არანორმალური, შიზოფრენული მდგომარეობიდან გამოყვანის და მისი ნორმალური განვითარების შესაძლებლობას გააჩენს.