შაქარაშვილის საქმეზე ბრალდამძიმებულთა ადვოკატები თვლიან, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება უსაფუძვლოა

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდამძიმებულთა ადვოკატები თვლიან, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება უსაფუძვლოა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდამძიმებული ბრალდებულების უფლებადამცველები იმ მტკიცებულებებს ელოდებიან, რომელთა საფუძველზეც გენერალურმა პროკურატურამ საქმის კვალიფიკაცია შეცვალა. ადვოკატები არსებით განხილვისთვის საქმე სასამართლოში გადანაცვლებას ელოდებიან.

„ჩვენ შეგუებული ვიყავით, რომ ეს შესაძლოა მომხდარიყო . მე არაერთხელ ვესაუბრე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, რომ შესაძლოა მისთვის ბრალი წარედგინათ. თუმცა, ბრალის წარდგენა იმას არ ნიშნავს, რომ ეს უტყუარად დადასტურებული ფაქტია და ნამდვილად მათ ჩაიდინეს აღნიშნული შემზარავი დანაშაული. ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც არის წარმოდგენილი რელევანტური არ არის, ცხონებულ შაქარაშვილთან მიმართებაში. დანარჩენი რა იქნება და როგორ იქნება, პასუხი გაეცემა როდესაც ჩვენ სასამართლოში მოგვიწევს პაექრობა“, - განაცხადა დაკავებული არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.

დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილის უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ გენერალურმა პროკურატურამ 5 ადამიანს ბრალი გამორიცხვის მეთოდით დაუმძიმა.

„ბრალდების წარდგენის შემდეგ მოხდება მტკიცებულებათა გადმოცემა. გავეცნობით სიღრმისეულად და ამის შემდეგ შეგვიძლია შევაფასოთ. პროკურატურა დღევანდელ ბრიფინგზე საუბრობდა გამორიცხვის მეთოდებით. გამორიცხვის მეთოდით დაუმძიმა 5 ადამიანს ბრალდება“, - განაცხადა ადვოკატმა, შოთა კახიძემ

ბრალის დამძიმების მოლოდინი არ ჰქონდა საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის, ზ.ხ-ს უფლებადამცველს. გიორგი გელხაურის თქმით, ბრალის დამძიმებისთვის საქმეში შესაბამისი მტკიცებულება არ არსებობს.

გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

Aburjga Tasmanieli ადვოკატები სხვას რას იტყვიან??!! მკვლელია ის 5 კაცი!!! ჩემაში შემოკვდათ ანუ მკვდარი ეგონათ და მერე წყალში გადააგდეს! რას ერჩოდნენ ამ ანგელოზ კაციშვილს, რატომ მოუსწრაფეს სიცოცხლე?!
3 წლის უკან