შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, საქმის მასალების დეტალური შესწავლით, შემთხვევის ადგილზე დამატებითი გასვლის რეჟიმში ექსპერტთა კომისიის წევრები მივედით ერთობლივ გადაწყვეტილებამდე და აზრთა სხვადასხვაობას ამ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია - ცალსახად დადგინდა, რომ შაქარაშვილი ამ დაზიანებებს ხიდიდან ჩამოვარდნით და წყალში დაცემით ვერ მიიღებდა, - ამის შესახებ დამოუკიდებელი საექსპერტო ცენტრ „ვექტორის“ დირექტორმა, ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა.
შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. მაშინ ექსპერტიზას უნდა დაედგინა, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, რა დაზიანებები ჰქონდა გვამს და სიმთვრალე-სიფხლიზლის საკითხები. ამაზე ცალსახად გაიცა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მონაწილეობდა ჩვენი ცენტრის წარმომადგენელი კახა ერისთავი და ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილია. ამ ეტაპზე დასრულდა შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული მეორე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ნაწილი, რამეთუ 14 შეკითხვიდან, რომელიც 14 ივლისის დადგენილებით გამოძიებამ დანიშნა სამხარაულის საექსპერტო დაწესებულებაში, ამ ეტაპზე პასუხი გაეცა მხოლოდ 8 შეკითხვაზე, რომლებიც ძირითადად ეხება დაზიანებების განვითარების შესაძლებელ ვარიანტებს. ამ ექსპერტიზაში მონაწილეობს ჩვენი ცენტრის 2 ექსპერტი - მე და კახა ერისთავი, და სამხარაულის საექსპერტო დაწესებულების ექსპერტთა კომისიის წევრები. რატომ გასაჯაროვდა შუალედური დასკვნა და პასუხგაუცემელი დარჩა იმ 14 შეკითხვის ნაწილი? გამოძიებამ წერილობით მოგვმართა და გვთხოვა, საზოგადოების მხრიდან არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე პასუხების გაცემა კითხვების ნაწილზე, თუკი ეს ამ ეტაპზე უკვე შესაძლებელი იყო. პასუხი გაეცა 8 შეკითხვას - შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, საქმის მასალების დეტალური შესწავლით, შემთხვევის ადგილზე დამატებითი გასვლის რეჟიმში ექსპერტთა კომისიის წევრები მივედით ერთობლივ გადაწყვეტილებამდე და აზრთა სხვადასხვაობას ამ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია. ცალსახად დადგინდა, რომ შაქარაშვილი ამ დაზიანებებს ხიდიდან ჩამოვარდნით და წყალში დაცემით ვერ მიიღებდა. ამავდროულად, ცალსახად გამოირიცხა, რომ მას ბილიკზე დაგორებით მიეღო ეს დაზიანებები, რამეთუ მაშინ მას სხვა სახის დაზიანებები ექნებოდა. შესაბამისად, დასკვნაში აღვნიშნეთ, რომ ამ დაზიანებებს შაქარაშვილი მიიღებდა მკვრივი ბლაგვი საგნის საკმაო ძალის ზემოქმედების შედეგად. წელზე სიგრძივი ფორმის სისხლნაჟღენთი გვაძლევდა საშუალებას, მაღალი ალბათობით გვეთქვა, რომ ეს დაზიანება ხელკეტის მსგავსი საგნით იყო მიყენებული. ყველა დაზიანება სიცოცხლის დროინდელია. რაც შეეხება დარჩენილ კითხვებზე პასუხებს, ეს განპირობებულია კვლევებით, ვინაიდან მიმდინარეობს საქმის შესწავლა. ახლა გამოძიებას მიეცა შესაძლებლობა, უფრო ვიწრო მიმართულებით იმუშავოს“, - განაცხადა გეჯაძემ.
გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.
10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.
19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.