სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსიდან წასვლაზე: არავის ვუსურვებდი ასეთი არჩევანის წინაშე ყოფნას

სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსიდან წასვლაზე: არავის ვუსურვებდი ასეთი არჩევანის წინაშე ყოფნას

ვიცი, რომ ბევრი გამიგებს, ბევრი გამაკრიტიკებს, ზოგიერთი კი შემიძულებს, მაგრამ არავის ვუსურვებდი ასეთი არჩევანის წინაშე ყოფნას, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის დატოვებას გამოეხმაურა.

„მეგონა, რომ ამ კამპანიის დროს იმდენად ძლიერი გავხდი, რომ ყველაფერს გავუძლებდი, მაგრამ, ალბათ, ისევ ის სუსტი ქალი ვარ. მივიღე ძალიან რთული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მე დამოუკიდებლად მივიღე, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ჩემზე გავლენა არ მოუხდენიათ. ვიცი, რომ ბევრი გამიგებს, ბევრი გამაკრიტიკებს, ზოგიერთი კი შემიძულებს, მაგრამ არავის ვუსურვებდი ასეთი არჩევანის წინაშე ყოფნას. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, არც ერთი სიცოცხლე არ ღირს იმის ფასად, არც ახლა ხდება. ბავშვები ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რამაა“, - განაცხადა ტიხანოვსკაიამ ვიდეომიმართვაში, რომელსაც „მე ბავშვებთან გავემგზავრე“ ჰქვია.

მანამდე ტიხანოვსკაიას საარჩევნო შტაბის წევრმა, ოლგა კოვალკოვამ განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ქვეყნიდან ბელარუსის ხელისუფლებამ გაიყვანა. „სვეტლანას არჩევანი არ ჰქონდა. ყველაზე მთავარია, რომ ის ცოცხალია და უსაფრთხოდაა“, - განაცხადა კოვალკოვამ.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.

ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე დაიღუპა.