პოლონეთის პრემიერი ბელარუსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგანგებო სამიტის ჩატარების ინიციატივით გამოდის

პოლონეთის პრემიერი ბელარუსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგანგებო სამიტის ჩატარების ინიციატივით გამოდის

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი ბელარუსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგანგებო სამიტის ჩატარების ინიციატივით გამოდის.

„პოლონეთი პასუხს აგებს თავის მეზობლებზე. ამიტომაც, ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტებისთვის მიწერილ წერილში პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ბელარუსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგანგებო სამიტის ჩატარების ინიციატივით გამოდის“, - ნათქვამია პოლონეთის მთავრობის განცხადებაში.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.

ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი.

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვიასნას“ ინფორმაციით, მინსკში სამართალდამცველებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად 47 ადამიანი დააკავეს, ხოლო ბელარუსის მასშტაბით - 119.