მედია: ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი რუს ბიზნესმენს ეკუთვნოდა

მედია: ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი რუს ბიზნესმენს ეკუთვნოდა

ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭო მიიჩნევს, რომ ბეირუთში აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც რუსი ბიზნესმენის კუთვნილ გემ Росус-ზე იყო დატვირთული. ინფორმაციას ადგილობრივი არხი LBCI ავრცელებს.

რუსი ბიზნესმენის, იგორ გრეჩუშკინის კუთვნილი გემი Росус-ი ბეირუთის პორტში 2014 წელს გააჩერეს, რის შემდეგაც 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის კონფისკაცია მოხდა.

2013 წელს Росус-ი მოლდოვის დროშით, ბათუმის პორტიდან მოზამბიკის მიმართულებით გავიდა, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო ბეირუთის პორტში გაჩერდა. ლიბანის ხელისუფლებამ გემს ზღვაში გასვლა აუკრძალა. ეკიპაჟის ნაწილი გაუშვეს და პორტში მხოლოდ 4 მეზღვაური დარჩა, რომელთაც ბეირუთის პორტი ერთი წლის შემდეგ დატოვეს.

ამონიუმის ნიტრატის შენახვასთან არსებული რისკების გამო, Росус-ის ტვირთი ბეირუთის პორტის საწყობში გადაიტანეს. მომსახურების სერვისის Marine Traffic-ის ცნობით, ბოლოს გემის ლოკაცია 2014 წლის ნოემბერში დაადგინეს, ამ ცნობის მიხედვით, Росус-ი აფეთქების ადგილიდან ახლოს მდებარეობდა.

ძლიერი აფეთქება ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა, რამაც ქალაქში შენობების ნგრევა გამოიწვია.