ალექსანდრ ვუჩიჩი: აზერბაიჯანს 10-ჯერ მეტი იარაღი მივყიდეთ

ალექსანდრ ვუჩიჩი: აზერბაიჯანს 10-ჯერ მეტი იარაღი მივყიდეთ

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი სომხეთთან იარაღით ვაჭრობის საკითხს პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა. ამის შესახებ news.am წერს.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ გაკვირვებულია სკანდალის გამო, რომელიც სომხეთისთვის იარაღის მიწოდების გარშემო აგორდა.

ალექსანდრ ვუჩიჩის განმარტებით, სერბეთი იარაღით სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც ვაჭრობს. როგორც ვუჩიჩმა აღნიშნა, იარაღით ვაჭრობა ქვეყნის სამხედრო ინდუსტრიისთვის უმნიშვნელოვანესია.

„სომხეთიც და აზერბაიჯანიც ჩვენი მეგობრები არიან. უკანასკნელ წლებში ჩვენ აზერბაიჯანს ათჯერ მეტი იარაღი მივყიდეთ. ჩნდება კითხვა: ვის მივყიდით იარაღს მომავალში? ვისაც არ უნდა მივყიდოთ, ვიღაც მაინც იქნება უკმაყოფილო“, - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთის სამხედრო ინდუსტრიაში 17 000 ადამიანია დასაქმებული, რომლებმაც სამუშაო ადგილები უნდა შეინარჩუნონ.

19 ივლისს აზერბაიჯანის სამთავრობო მედიამ Haqqin-მა გამოაქვეყნა წერილი, რომ სერბეთმა სომხეთს მიაწოდა ნაღმტყორცნები, რომლებიც შემდგომ სომხეთმა ტოვუზის დასაბომბად გამოიყენა.

ამავე პუბლიკაციაში ნათქვამი იყო, რომ სერბული იარაღი სომხეთში საქართველოს გავლით მოხვდა. ამ ინფორმაციას ოფიციალურ თბილისში დეზინფორმაცია უწოდეს.

შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებებისას 12 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. სომხური მხარე კი 4 გარდაცვლილის და 36 დაშავებულის შესახებ იტყობინება. ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, სომხურმა მხარემ ცოცხალი ძალის გაცილებით დიდი დანაკარგი განიცადა, რასაც მალავს.