დონალდ ტრამპი ჯოხარ ცარნაევის სიკვდილით დასჯის განაჩენის აღსრულებას ითხოვს

დონალდ ტრამპი ჯოხარ ცარნაევის სიკვდილით დასჯის განაჩენის აღსრულებას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ის ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლთაც ჯოხარ ცარნაევის სიკვდილით დასჯის განაჩენი გაუქმდა.

„იშვიათია, ვინმე ისე იმსახურებდეს სიკვდილით დასჯას, როგორც ბოსტონის აფეთქებაში ბრალდებული ჯოხარ ცარნაევი. სასამართლო დაეთანხმა იმას, რომ ეს 11 სექტემბრის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტული თავდასხმა იყო ქვეყნის შიგნით. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენი გააუქმა. უამრავი სიცოცხლე შეეწირა ამ ტერაქტს. ფედერალურმა მთავრობამ სასიკვდილო განაჩენის დაბრუნება უნდა მოითხოვოს. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არ უნდა შედგეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

1-ელ აგვისტოს აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ჯოხარ ცარნაევის სიკვდილით დასჯის განაჩენი გააუქმა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბოსტონის ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულ ჯოხარ ცარნაევს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ჯოხარ ცარნაევი სასამართლომ ბრალდების 30 პუნქტით დამნაშავედ სცნო.

2013 წლის 5 აპრილს, ბოსტონის მარათონის ფინიშის ხაზთან მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 260 კი დაშავდა.

სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბრალდების ხუთი პუნქტი, რომლითაც ჯოხარ ცარნაევს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, უქმდება და საოლქო სასამართლომ კვლავ უნდა გადაწყვიტოს, ბრალდების აღნიშნული პუნქტებით თუ რა სასჯელი ეკუთვნის ბრალდებულს.

სააპელაციო სასამართლო დაცვის მხარის არგუმენტებს დაეთანხმა იმის თაობაზე, რომ ქალაქ ბოსტონში სასამართლო პროცესის ჩატარებამ ხელი შეუშალა მიუკერძოებელი ნაფიც მსაჯულების შერჩევას.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მცდარად მიიჩნია მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლითაც ჯოხარ ცარნაევს სასჯელი მიესაჯა იარაღის უკანონო ტარების გამო. აღნიშნული პუნქტებით სააპელაციო სასამართლომ ის გაამართლა.

„ნაფიც მსხაჯულებთან დაკავშირებით პირველი შეცდომა სიკვდილით დასჯის განაჩენის გაუქმებას მოითხოვს, ხოლო მეორე შეცდომა გვაიძულებს ბრალდების სამი პუნქტით გამოტანილი განაჩენი გავაუქმოთ“, - ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს არ გაუპროტესტებია ბრალდების ის პუნქტები, რომლითაც ჯოხარ ცარნაევს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.