ცნობილი ქართველი მეცნიერის, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის ავლიპ ზურაბაშვილის მემორიალური კუთხე გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ავლიპ ზურაბაშვილის პირადი ბიბლიოთეკა, მემორიალური ნივთები და საარქივო მასალა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას მეცნიერის ოჯახმა გადასცა.
ცნობილი მეცნიერი, საქართველოში თავის ტვინის კვლევის ევოლუციური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი ავლიპ ზურაბაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. მან 1927 წელს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დამთავრების შემდგომ, აქვე დაიწყო სამეცნიერო მოღვაწეობა - 1930 წლამდე ჯერ უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი და შემდეგ დოცენტი იყო.
თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მადლობა გადაუხადა ავლიპ ზურაბაშვილის ოჯახს მისი ბიბლიოთეკისა და პირადი ნივთების გადმოცემისთვის. „უნივერსიტეტს გადმოეცა ჩვენი კურსდამთავრებულის, ცნობილი მეცნიერის ავლიპ ზურაბაშვილის უმდიდრესი ბიბლიოთეკა, რომელშიც ბევრი საგულისხმო პუბლიკაციაა. ავლიპ ზურაბაშვილი იყო ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერი, აკადემიკოსი, რომელმაც ჩამოაყალიბა მთელი სამეცნიერო სკოლა და დღემდე ამ სახელით ვამაყობთ. დარწმუნებული ვარ რომ ბევრი თაობა, რომელიც გაიზრდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულებაზე, ისარგებლებს ამ ბიბლიოთეკით. სწორედ ეს არის წიგნის ცხოვრების არსი, რომ თაობებმა მიიღონ ცოდნა და გახდნენ მაღალი დონის სპეციალისტები.“
„პაპა იყო, არის და იქნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დიდი ნაწილი და ჩვენი ოჯახისთვის ძალიან საამაყოა, რომ უნივერსიტეტმა შექმნა კუთხე ამ ისტორიის გასაგრძელებლად,“- განაცხადა ავლიპ ზურაბაშვილის შვილიშვილმა, თსუ პროფესორმა დავით ზურაბაშვილმა. მისი თქმით, „წიგნებმა, რომელიც პაპას ჰქონდა, იპოვა თავისი ადგილი და გაცოცხლდა. რადგან ის წიგნები, რომლებიც დევს სახლში, შეიძლება ნახოს მხოლოდ ოჯახის წევრმ, ხოლო წიგნი, რომელიც ბიბლიოთეკაშია საშუალებას აძლევს ნებისმიერ მკვლევარს გაეცნოს და ისწავლოს.“
„ავლიპ ზურაბაშვილის ნივთების უნივერსიტეტისთვის გადმოცემა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თსუ-ს დამთავრება ნიშნავს იმას, რომ შენ მუდმივად რჩები იმ დიდებული კოჰორტის წევრი, რომელიც სამშობლოს ემსახურება და რომელსაც მეცნიერება, განათლება და ქვეყნის წინსვლა ჰქვია,“-აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა.
თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, ბიბლიოთეკა შედგება 2000-მდე საბიბლიოთეკო ერთეულისაგან, რომლითაც სარგებლობდა მეცნიერი და, აგრეთვე, მისი ავტორობით გამოცემული წიგნები, როგორც წმინდა სამეცნიერო ფსიქიატრიის მიმართულებით, ასევე პოპულარული ხასიათის. კოლექციაში ასევე არის საარქივო დოკუმენტები, სხვადასხვა ხასიათის პირადი წერილები, ფოტომასალა და რამდენიმე მემორიალური ნივთი, მათ შორის, მისი პასპორტი და ანდერძი.
ღონისძიებას ავლიპ ზურაბაშვილის ოჯახის წევრები, მოსწავლეები, თსუ პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.