ნინო წილოსანი ლევან კობერიძეზე: ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის წევრი სიძულვილით, აგრესიის ენით საუბრობს და გარკვეულწილად, სიტყვიერადაც იმუქრება

ნინო წილოსანი ლევან კობერიძეზე: ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის წევრი სიძულვილით, აგრესიის ენით საუბრობს და გარკვეულწილად, სიტყვიერადაც იმუქრება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი, ლევან კობერიძისა და რომან კაკულიას დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის ის წევრი, რომელიც „ქართული ოცნების“ სახელით იყო არჩეული პარლამენტში, მსგავსი სიძულვილით, აგრესიის ენით საუბრობს და გარკვეულწილად, სიტყვიერ მუქარასაც ახორციელებს კომიტეტის თავმჯდომარის მიმართ.

დეპუტატები რომან კაკულია და ლევან კობერიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ხმაური საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით განხილავას მოჰყვა.

„ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის ის წევრი, რომელიც „ქართული ოცნების“ სახელით იყო არჩეული პარლამენტში, მსგავსი სიძულვილით, აგრესიის ენით საუბრობს და გარკვეულწილად, სიტყვიერ მუქარასაც ახორციელებს კომიტეტის თავმჯდომარის მიმართ, რომელმაც უმნიშვნელოვანესი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ კანონპროექტი, მაქსიმალურად სწორი და კარგი ფორმით გასულიყო და შეცვლილიყო“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, საპარლამენტო კომიტეტის მუშაობის ეფექტიანობაზე სექტორის წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ.

„ისინი აღნიშნავენ, რომ მსგავსი გამჭვირვალობა, ღია და საინტერესო პროცესი პარლამენტსა და კომიტეტში, ამ წლების განმავლობაში, არასდროს ახსოვთ. ის, რომ სექტორის შენიშვნები და მოსაზრებები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული საუკეთესო ვერსიის კანონპროექტის მიღებისთვის - ამაზე კომიტეტშივე უამრავი განცხადება გაკეთდა. ერთი, რომ მიუღებელია სიძულვილის ენით საუბარი და მეორე - თემა, რომელზეც დაპირისპირება და შელაპარაკება დაიწყო პირიქით, ძალიან დიდ მოწონებას უნდა იწვევდეს კომიტეტის თავმჯდომარის და ზოგადად, საპარლამენტო მუშაობის მიმართ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.​