„ქართული ოცნება“ ატარებს სოციოლოგიურ კვლევებს და მუდმივად უჭირავს პულსზე ხელი. ვიცით, რა განწყობებია საზოგადოებაში და ამის საფუძველზე ვაკეთებთ განცხადებებს. მათ შორის იმასთან დაკავშირებითაც, რომ ჩვენ ველით ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„დღეს არის ასეთი სურათი, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს იმაზე მეტი მხარდამჭერი, ვიდრე მთელ ოპოზიციას ერთად აღებულს, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით და ძალიან მყარი მანდატით კიდევ ერთხელ მოვა ხელისუფლებაში. ვფიქრობთ, რომ აუცილებლად 50%-იანი ზღვარი უნდა გადავლახოთ. ეს არის ჩვენი ამოცანა. გვაქვს ამბიციური გეგმა და გვინდა, რომ გადავცდეთ უსათუოდ 50%-იან ნიშნულს. ამის კარგ საფუძველს ქმნის ის განწყობა, რომელიც დღეს არის საზოგადოებაში. თქვენს ეთერშიც გამოქვეყნდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა 55%. შესაბამისად, ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ გვქონდეს უფრო მაღალი შედეგის მოლოდინი, ვიდრე თუნდაც 50%. დღეს ასეთია საზოგადოების განწყობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს განწყობა კიდევ უფრო გავამყაროთ იმ სწორი ხედვების შეთავაზებით, რომელიც აუცილებლად უნდა აისახოს საარჩევნო პროგრამაში და ამაზე ჩვენ გვექნება ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია საზოგადოებასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.