ჩილეში ძაღლებს კორონავირუსის ყნოსვით დადგენას ასწავლიან

ჩილეში ძაღლებს კორონავირუსის ყნოსვით დადგენას ასწავლიან

ჩილეში პოლიციელები ძაღლებს კორონავირუსით ინფიცირებულები ადამიანების ყნოსვის მეშვეობით ამოცნობას ასწავლიან. ამის შესახებ France 24 წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პროგრამაში 4 ძაღლი მონაწილეობს - 3 ოქროსფერი რეტრივერი და 1 ლაბრადორი. მათი ასაკი 4-5 წელს შორის მერყეობს. ისინი აქამდეც სამართალდამცველებთან ერთად მუშაობდნენ და ნარკოტიკების, ასაფეთქებელი ნივთიერებების და დაკარგული ადამიანების პოვნაზე არიან გაწვრთნილები.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ თვითონ ვირუსს სუნი არ აქვს, თუმცა ის ინფიცირებული ადამიანის ორგანიზმში მეტაბოლიკურ ცვლილებებს იწვევს, რაც გარკვეული ტიპის ოფლის გამოყოფას იწვევს. სწორედ ამ ოფლის ამოცნობას ასწავლიან ძაღლებს.

ეს პროგრამა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ფინეთსა და საფრანგეთში უკვე ფუნქციონირებს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ძაღლებს ინფიცირებული ადამიანების ამოცნობა 95%-იანი ეფექტიანობით შეუძლიათ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.