რომის პაპი: მე ვფიქრობ სტამბოლსა და წმინდა სოფიაზე. ძალიან დამწუხრებული ვარ მომხდარის გამო

რომის პაპი: მე ვფიქრობ სტამბოლსა და წმინდა სოფიაზე. ძალიან დამწუხრებული ვარ მომხდარის გამო

რომის პაპი აია-სოფიას მუზეუმის მეჩეთად გამოცხადების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მე ვფიქრობ სტამბოლსა და წმინდა სოფიაზე. ძალიან დამწუხრებული ვარ მომხდარის გამო,“- განაცხადა პონტიფიკოსმა წმინდა პეტრეს მოედანზე ქადაგებისას.

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო თურქეთის პრეზიდენტს გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს, თუმცა როგორც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, ანკარის ნაბიჯი თურქი ხალხის სურვილსა და მოთხოვნას ეფუძნებოდა და სხვა ქვეყნების შეფასებები მას გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებს.

თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა მთავრობის 1934 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა. შესაბამისად, აია-სოფიას ტაძარი ისევ მეჩეთად გადაკეთდება. თურქეთის პრეზიდენტმა განკარგულებას ხელი მოაწერა.

წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში ათას წელზე მეტხანს ყველაზე დიდ ტაძრად ითვლებოდა ქრისტიანულ სამყაროში. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა, თუმცა 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის შესაბამისი დეკრეტის საფუძველზე ის მუზეუმი გახდა და „იუნესკოს“ დაცულ ძეგლთა სიაში მოხვდა.