მეუფე შიო: საქართველოს ეკლესიამ მთელი მსოფლიოს წინაშე პანდემიისადმი ჭეშმარიტი დამოკიდებულება დაამოწმა

მეუფე შიო: საქართველოს ეკლესიამ მთელი მსოფლიოს წინაშე პანდემიისადმი ჭეშმარიტი დამოკიდებულება დაამოწმა

პატრიარქის წინამძღოლობით საქართველოს ეკლესიამ მთელი მსოფლიოს წინაშე, პანდემიისადმი ჭეშმარიტი დამოკიდებულება აჩვენა. ამის შესახებ მეუფე შიომ განაცხადა, როდესაც პანდემიის დროს პატრიარქის სწორ პოზიციას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ეს იყო მთელი ერის გამოცდა.

„ერთობით ყველამ უნდა მივულოცოთ დღევანდელი დღე ჩვენს მამას და მეუფეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, ვინაიდან თანამედროვე ქართული ეკლესიის მშენებლობის და აღმავლობის მთავარი, ყველაზე მძლავრი ლოდი და დიდი წინამძღოლი სწორედ ის გახლავთ. მოღვაწეობა მისი სამოციქულო, ჩანს ყოველ წელს და ყოველდღე, რაოდენ უხვი და ღვაწლმოსილია, თუნდაც ბოლო მოვლენების ჟამს, პანდემიის პერიოდში გამოჩნდა, რომ მისი წინამძღოლობით საქართველოს ეკლესიამ დაამოწმა მთელი მსოფლიოს წინაშე ჭეშმარიტი დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი და დიდი სულიერი ამოცანისადმი, რომელიც მთელი ერის წინაშე იდგა. ღმერთმა გაახაროს და გააძლიეროს ჩვენი უწმინდესი“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. სამების საკათედრო რაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა. ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ მეუფემ ტრადიციული ქადაგებით მიმართა მრევლს. მან მოციქულების, პეტრეს და პავლეს ქრისტიანობისთვის გაწეულ ღვაწლსა და რწმენის სიყვარულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.