შაქარაშვილის ბიძა: ექსპერტიზის დასკვნა გვაძლევს შესაძლებლობას ვილაპარაკოთ აბსოლუტურად კატეგორიულ პოზიციაში გიორგის მკვლელობასთან დაკავშირებით

შაქარაშვილის ბიძა: ექსპერტიზის დასკვნა გვაძლევს შესაძლებლობას ვილაპარაკოთ აბსოლუტურად კატეგორიულ პოზიციაში გიორგის მკვლელობასთან დაკავშირებით

მე ვთვლი, რომ დასკვნა არის კატეგორიული და ის გვაძლევს შესაძლებლობას, ვილაპარაკოთ აბსოლუტურად კატეგორიულ პოზიციაში გიორგის მკვლელობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ საქმეზე კიდევ სხვა სახის ექსპერტიზის ჩატარება გახდეს საჭირო.

„ჩვენ მესამე დღეს ვიცოდით გიორგის გარდაცვალების უშუალო მიზეზიც, ის, რაც თქვენ დღეს გაიგეთ. ჩვენ არ გავახმაურეთ ეს, რომ გზა-კვალი არ არეოდა არც გამოძიებას, არც საზოგადოებას და არ ყოფილიყო აქცენტები გაკეთებული წყლით დახრჩობის ფაქტზე. ასევე ვიცოდით გიორგის დაზიანებებთან დაკავშირებით ყველა გარემოება, მაგრამ ვიდრე არ მოვიდა კომპლექსურად, რომ სრული სურათი შექმნილიყო... ასე ვართ სხვა ინფორმაციებთან მიმართებაში. ამ ეტაპისთვის, რაც შეეძლო გაეცა ექსპერტიზას, მე ვთვლი, რომ გაცემულია მაქსიმუმი. მე ვთვლი, რომ დასკვნა არის კატეგორიული და ის გვაძლევს შესაძლებლობას, ვილაპარაკოთ აბსოლუტურად კატეგორიულ პოზიციაში გიორგის მკვლელობასთან დაკავშირებით. მეორე საკითხი - იმისთვის, რათა დადგინდეს კიდევ უფრო დეტალური გარემოები, ანუ მოხდეს პერსონიფიცირება, გავიაროთ ყველა სახის დეტალი ვერსიების დასადასტურებლად ან რაღაც ვერსიების გამოსარიცხად, ამისთვის საჭიროა სხვა სახის ექსპერტიზების პასუხები და ასევე შესაძლებელია დამატებითი სახის ექსპერტიზაც“, - განაცხადა ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.