დავით ნარმანიამ სემეკის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა

დავით ნარმანიამ სემეკის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ კომისიის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, სემეკის ლიცენზიატი კომპანიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები,  ენერგეტიკის სექტორის ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები.   

დავით ნარმანიამ ვრცლად ისაუბრა სემეკის 2019 წლის საქმიანობასა და 2020 წლის გამოწვევებზე, ყურადღება გაამახვილა ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიისას სემეკის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე -  მრიცხველების დისტანციური წაკითხვის რეჟიმზე,  ქოლ-ცენტრის სამუშაო საათების გახანგრძლივებაზე, დისტანციური მომსახურების გამარტივებულ პროგრამებზე, სადეპოზიტო შეღავათებზე.  როგორც სემეკის თავმჯდომარემ აღნიშნა, 2020 წელი ენერგეტიკის სექტორის რეფორმირების წელია. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს სემეკი რამდენიმე ათეულ ნორმატიულ აქტს მიიღებს.

„ახალი ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ევროპული რეგულაციების შესაბამისი ნორმატიული ბაზის შექმნა.  სემეკი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ახალი რეგულაციის დანერგვაზე.  დღემდე კომისიამ შეიმუშავა და დაამტკიცა დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი, ინვესტიციების შეფასების, ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების, ლიცენზირებისა და ენერგეტიკული საქმიანობის, სადავო საკითხების განხილვის წესები. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებელთა უფლებები და მეორე მხრივ, კომუნალურ კომპანიებს ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ მაღალი ხარისხის მომსახურება გაუწიონ აბონენტებს 2019 წელს კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო, სემეკის გადაწყვეტილებებით მოქალაქეებს დაერიცხათ კომპენსაციები, რამაც ჯამურად 818 235 ლარი შეადგინა.  გარდა ამისა, მოქალაქეებს ჩამოეწერათ კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები,  ჯამში - 2 122 865 ლარი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის ანგარიშის შესაბამისად, საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება ყოველწლიურად საშუალოდ 4.4%-ით იზრდება, თუმცა მცირდება ელექტროენერგიის წარმოება. იზრდება ელექტროენერგიის  იმპორტი. 2019 წელს წინა წელთან შედარებით იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 7.8%-ით გაიზარდა. აგრეთვე ელექტროენერგიის იმპორტმა 6.7-ჯერ გადააჭარბა ექსპორტს, როდესაც იგივე მაჩვენებელი წინა წელს 2.6-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, 2019 წელს ქვეყანაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა გაიზარდა 15%-ით და 2.5 მლრდ კუბ.მ შეადგინა, ზრდა ძირითადად შეეხო საყოფაცხოვრებო და თბოსადგურების მოხმარებას. საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მოხმარებამ 2019 წელს 983 მლნ კუბ.მ შეადგინა, არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოხმარება კი 1,519 მლნ კუბ. მ იყო, საიდანაც თბოსადგურების მოხმარება 678 მლნ კუბ.მ-ია.

წყალმომარაგების სექტორში იზრდება  მრიცხველიანი აბონენტების რაოდენობა. ამასთანავე, საყოფაცხოვრებო მრიცხველიანი ერთი აბონენტის საშუალო მოხმარება გაიზარდა 1.1%-ით, ხოლო კომერციული მომხმარებლების საშუალო მოხმარება შემცირდა  7.8%-ით.

ვრცლად სემეკის 2019 წლის ანგარიში განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე:  https://gnerc.org/files/Annual%20Reports/2019%20GEO.pdf