პიტერ სიიარტო პატრიარქს: მიღება ერთადერთი მიზნით ვითხოვეთ, გამოგვეხატა პატივისცემა თქვენს მიმართ და თქვენი ეკლესიის მიმართ

პიტერ სიიარტო პატრიარქს: მიღება ერთადერთი მიზნით ვითხოვეთ, გამოგვეხატა პატივისცემა თქვენს მიმართ და თქვენი ეკლესიის მიმართ

მიღება ერთადერთი მიზნით ვითხოვეთ, რომ გამოგვეხატა ჩვენი და მთელი უნგრეთის ღრმა პატივისცემა პირადად თქვენს მიმართ და თქვენი ეკლესიის მიმართ, - ამის შესახებ საპატრიარქოში სტუმრობისას უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა.

მინისტრის პატრიარქისადმი მიმართვის ტექსტს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

,,თქვენო უწმინდესობავ, დიდ მადლობას მოგახსენებთ რომ მოგვეცა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა, უღრმესი მადლობა.

ეს შეხვედრა პირადად ჩემთვის, ისევე როგორც ჩემი დელეგაციის თითოეული წევრისთვის, ასევე უნგრეთის სახელმწიფოსთვის, არის ძალიან დიდი პატივი. ეს მიღება ერთადერთი მიზნით ვითხოვეთ, რომ გამოგვეხატა ჩვენი და მთელი უნგრეთის ღრმა პატივისცემა პირადად თქვენს მიმართ და თქვენი ეკლესიის მიმართ.

აქ ვარ წარმომადგენელი როგორც ნამდვილი, ჭეშმარიტი ქრისტიანული ქვეყნისა და ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ჩვენი ქვეყნის მფარველობა ათასი წლის წინ ღვთისმშობელს შეავედრეს. შეიძლება ათასი წელი დიდი დროა ევროპული პერსპექტივით, მაგრამ მე ვიცი, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ იმ ქვეყანაში ათასი წლის ხსენებისას, რომლის ეკლესიაც ორი ათასი წლის წინ დააარსა ანდრია მოციქულმა.

მინდა გაცნობოთ, რომ უნგრეთის ხელისუფლება და მთავრობა წამოადგენს ნამდვილად ქრისტიანულ მთავრობას და ცდილობენ, გაატარონ პოლიტიკა სწორედ ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებით. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მადლი მოდის ძალისხმევის და შრომისგან. ჩვენ ვიღვწით, რომ მივიღოთ მადლი.

ჩვენ ასევე ღრმად გვწამს, რომ საზოგადოების ჭეშმარიტ საძირკველს სწორედ ოჯახი წარმოადგენს. სადაც მშობლები - მამა და დედა უზრუნველყოფენ ჯანსაღ გარემოს, იდეალურ გარემოს შვილის აღსაზრდელად. ჩვენ როგორც მთავრობა ჩვენს მოვალეობად მივიჩნევთ, რომ ქრისტიანულ თემებს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მთელი მსოფლიო მასშტაბით.

თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ გვჯერა რომ სამწუხაროდ, ქრისტიანობა არის სწორედ ის სარწმუნოება, რომელსაც ყველაზე მეტად სდევნიდნენ და სდევნიან სამყაროში. სწორედ ამიტომ ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ჩვენი ვალია, ქრისტიანები ერთად დავდგეთ თითოეული ქრისტიანის მხარდასაჭერად, რომელიც განსაცდელშია მსოფლიოში.

თქვენო უწმინდესობავ, ჩემთვის დიდი პატივია გაცნობოთ იმ პროგრამაზე რომელსაც ჰქვია ,,უნგრეთი ეხმარება”. კონკრეტულად ამ პროგრამის ფარგლებში ვცდილობთ, დახმარება აღმოვუჩინოთ ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ ქრისტიანებს, რომლებიც დიდ განსაცდელში არიან, რათა იცხოვრონ იმ მიწაზე, სადაც მათი წინაპრები ათასობით წლის მანძილზე დასახლდნენ და ცხოვრობდნენ.

თქვენო უწმინდესობავ, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ ის წარმომადგენელი უნგრეთის სახელმწიფოსი, რომელმაც ხელი მოაწერა საქართველოს ეკლესიასთან სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამას შეთანხმებას და ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენთან ახალი თანამშრომლობის დაწყება ნებისმიერი მიმართულებით”, - განცხადა პიტერ სიიარტომ.

პატრიარქთან შეხვედრაზე ასევე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ვიქტორია ჰორვატი და სხვა პირები იმყოფებოდნენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სტუმრები, უნგრეთის სახელმწიფო და მათ შემდგომი წინსვლა და ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცება უსურვა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, პიტერ სიიარტო საქართველოში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტთ დღეს ჩამოვიდა. პანდემიის შემდეგ ის პირველი მაღალი რანგის სტუმარია.