მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, თუ გიგა ბოკერია მაჟორიტარობის კანდიდატურას ვაკის რაიონში დააყენებს, მას კონსულტაციები ექნება გუნდთან და ისიც თავის კანდიდატურას ვაკეში დააყენებს. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
ყაველაშვილი დარწმუნებულია, რომ ბოკერიას შანსები მინიმალურია.
„ელენე ხოშტარიას მეტი უპირატესობა აქვს, ბოკერია არ ვიცი. ჩემთვის წარმოუდგენელია ბოკერიას კანდიდატად დაყენება. ყოფილი სპორტსმენი ვარ და პირდაპირ ვიტყვი, დიდ ფორას მივცემდი ბოკერიას, რომ კანდიდატად სადაც დადგება 20-%-ზე მეტს ვერ აიღებს. პირდაპირ ვამბობ, თუ ბოკერია ვაკეში დააყენებს კანდიდატურას, აუცილებლად მექნება კონსულტაცია გუნდთან, რომ მეც დავდგე ვაკეში და იქ დავანახებ, რომ შანსი არ აქვს. შემიძლია ფორაც კი მივცე საკმაოდ დიდი. ხოშტარიას შეიძლება უპირატესობა ჰქონდეს ბოკერიასთან, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში არა“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
ოპიზოციამ საერთო მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. ელენე ხოშტარია ვაკეში იყრის კენჭს, ნიკა მელია - გლდანში. გიორგი ვაშაძე - ისანში. ლევან ხაბეიშვილი - სამგორში. მთაწმინდაზე - შალვა შავგულიძე.