საქართველოს რეაგირება კორონავირუსის პანდემიაზე იყო სანიმუშო და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს, - ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ჟურნალისტებს განუცხადა.
ლუიზა ვინტონის თქმით, ვირუსზე წარმატებული რეაგირება შესაბამისი სექტორების აღდგენას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ ვხედავთ პოზიტიური გამოცდილების ძალიან კარგ შედეგებს ახლა, როცა საქართველო შევიდა ე.წ. მწვანე ქვეყნების რიგში, რომელიც ევროკავშირმა გამოაცხადა. სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო ეკონომიკურ უპირატესობასაც მიიღებს, როგორც ფრენების, ისე ტურიზმის აღდგენის თვალსაზრისით. შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის პანდემიაზე წარმატებული რეაგირება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკას აღდგენაში და ამიტომ, საქართველოს მაგალითი სრულიად სანიმუშოა მთელი მსოფლიოსთვის, ამას ყველა აღიარებს“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.
ელჩის განცხადებით, ყველა აღიარება იმას, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის როლი იყო წამყვანი.
„შეიძლებოდა, დაესვენათ და არაფერი გაეკეთებინათ სამომავლო განვითარებისთვის, იმიტომ, რომ მათ სამუშაო უკვე დასრულებულად ჩაეთვალათ. თუმცა, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა და ჩვენ ძალიან ვაფასებთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ამ პოზიციას, რომ პანდემიის გამოცდილებას შემდგომი განვითარებისთვის იყენებენ.
მოხარულები ვართ, რომ ამაში შვედეთის მთავრობასთან ერთად ვეხმარებით. ჩვენი ხელშეწყობით ცენტრი შექმნის ეროვნულ სისტემას, რომელიც გადაამზადებს სამედიცინო პერსონალს საქართველოს მასშტაბით. ეს დაეხმარება ქვეყანას, მოემზადოს სავარაუდო მეორე ტალღისთვის ან ნებისმიერი სხვა კრიზისული ვითარებისთვის. ასევე დაეხმარება იმაში, რომ ზოგადად განვითარდეს და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია ამაღლდეს“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.