"არ შეიძლება 45 მოზრდილი თინეიჯერი თავზე იმხობდეს სამყაროს და კაციშვილი არ იყოს მეთვალყურე, ასე გადადის ამბავი ტრაგედიაში და შაქარი წიწაკაში..."

ფეისბუქ-მომხმარებელი ლაშა არგვეთელი სოციალურ ქსელში წერს:

"ძალიან ცდება სპორტული საზოგადოება, თუ ფიქრობს, რომ უდანაშაულობის პრეზუმპციას იცავს და მისი ერთგულების გამო დუმს. მისთვის, როგორც ჯანსაღი სხეულისა და ჯანსაღი სულის არქიტექტორისთვის, წესით მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს შაქარა უშუალოდ სპორტსმენებმა მოკლეს თუ არა, ამ შემთხვევაში მან იმ სამარცხვინო პრაქტიკით უნდა იხელმძღვანელოს, რომლის თანახმადაც ჩხუბის შემდეგ მორაგბეებთან და მოჭიდავეებთან დარეკვა ლამის ტენდენციად იქცა უკვე. ყველას გვქონია ხიპიში და ყველამ კარგად ვიცით მასთან დაკავშირებული მოვლენების თანმიმდევრობა, და სწორედ ამ თანმიმდევრობის მიხედვით, როცა გერგება პატივი და ავტორიტეტის სტატუსით ჭკუა მოგეკითხება, იმის მაგივრად რომ შუაღამისას ტყე-ღრე დაძრწოდე დუჟმორეული, ჯანსაღი სულის არქიტექტურას უნდა ავრცელებდე ღირსეული გავლენით.

დაგვიანებულია, მაგრამ მაინც უნდა დაგმონ სპორტის ლეგენდებმა და მესვეურებმა სინდიკატური სპორტი!

რაც შეეხება ამ გაუგებარი პროფესიის ადამიანს, როგორც ირკვევა ის ადვოკატთა ასოციაციის წევრია და ალბათ ამ ასოციაციამაც უნდა დაგმოს მისი განცახადებები მინიმუმ იმ ნაწილში, რომ თურმე უთანაგრძნობს შაქარას ოჯახს, მაგრამ ასე არ შეიძლება - მოქმედი სპორტსმენების კარიერა დაინგრა ორ თვიანი პატიმრობითო (?!)...

ალბათ უნდა განემარტოს ამ დონის ადვოკატს, რომ სპორტი და კარიერა კი არა, ოჯახი დაინგრა, ჟინმორეული სიცოცხლე ჩაქრა და საქართველოს პერსპექტივის მორიგი ძაფი გაწყდა იმ ღამეს.

და ბოლოს, რაც შეეხება თვითონ ამბავს, აუნაზღაურებელი დანაკლისები გვასწავლის, რომ ასეთი დამოუკიდებელი თავყრილობების შემთხვევაში უნდა არსებობდეს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო თუ არა, მინიმუმ პირი მაინც. არ შეიძლება 45 მოზრდილი თინეიჯერი თავზე იმხობდეს სამყაროს და კაციშვილი არ იყოს მეთვალყურე, ასე გადადის ამბავი ტრაგედიაში და შაქარი წიწაკაში..."