ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის მიხედვით, მის სხეულს ბლაგვი საგნით გარეგანთან ერთად შინაგანი დაზიანებებიც აქვს მიყენებული.
„გარეგანი დათვალიერებებით აღმოჩნდა, რომ სახის არეში და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში სისხლჩაქცევების სახით იყო გარკვეული ცვლილებები. ამას ახლა პირველად ვამბობ, ტრავმული შინაგანი გამოკვლევის პროცესშიც, გარდა გარეგნული დაზიანებებისა, გამოიკვეთა შინაგანი დაზიანებებიც“, - განაცხადა გეჯაძემ გადაცემაში „რეაქცია“.
ექსპერტმა თავი შეიკავა და არ დააკონკრეტა, თუ რისი ნიშანი შეიძლება ყოფილიყო შინაგანი დაზიანებების აღმოჩენა.
19 ივნისს გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს.