კორონავირუსის წარმოშობის გამოსაძიებლად ჯანმო ჩინეთში თავის გუნდს გააგზავნის

კორონავირუსის წარმოშობის გამოსაძიებლად ჯანმო ჩინეთში თავის გუნდს გააგზავნის

მომდევნო კვირას კორონავირუსის წარმოშობის გამოსაძიებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთში თავის გუნდს გააგზავნის. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვირუსის წყაროს ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. ვირუსის აღმოჩენას უკეთ შევძლებთ, როდესაც ყველაფერი გვეცოდინება ვირუსის შესახებ, მათ შორის, თუ როგორ წარმოიშვა იგი. მომდევნო კვირას ჩვენს გუნდს გავაგზავნით ჩინეთში. იმედია, ეს ვიზიტი გაგვაგებინებს, თუ როგორ დაიწყო ვირუსის გავრცელება და რა შეგვიძლია სამომავლოდ გავაკეთოთ, რათა მოვემზადოთ“, - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია უკვე დიდი ხნის განმავლობაში ითხოვს კორონავირუსის ინფექციის წარმოშობის გამოძიებას.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადეს, რომ ვირუსი, შესაძლოა, ჩინეთში მდებარე ლაბორატორიაში წარმოიშვა. ჩინეთი უარყოფს აღნიშნულ ბრალდებას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.