დღევანელი გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტის წევრებმა უმრავლესობით დაადასტურეს კენჭისყრაზე, არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ჩვენს მიერ აღებული დემოკრატიული ვალდებულებების შესრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, დღევანდეელი გადაწყვეტილებით საქართველომ საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მზად არის გააძლიეროს თავისი დემოკრატია და 2020 წლის ოქტომბერში ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის, მადლობა გადავუხადო ფასილიტატორ ელჩებს ძალისხმევისთვის და მადლობა გადავუხადო პარლამენტის ყველა იმ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ მნიშვნელოვან ცვლილებებს. დღეიდან ჩვენ ვიწყებთ მუშაობას საარჩევნო კოდექსზე და უახლოესი 10 დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი ასევე მიიღებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რომელიც ეფუძნება ეუთოს ოფისის, ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ მოცემულ რეკომენდაციებს. ამით ხელისუფლება სრულად შეასრულებს მის მიერ აღებულ პირობას და უზრუნველყოფს დემოკრატიულ, გამჭვირვალე და თავისუფალ საარჩევნო გარემოს, ისევე როგორც დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა.