შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორი:  არ არის სრულყოფილი თანამშრომლობა, არ არის სრულყოფილი ინფორმაცია მოწოდებული გამოძიებისთვის, ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც ჩვენებებში არ არის

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორი:  არ არის სრულყოფილი თანამშრომლობა, არ არის სრულყოფილი ინფორმაცია მოწოდებული გამოძიებისთვის, ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც ჩვენებებში არ არის

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან გამოძიებისთვის ინფორმაციის სრულად მიწოდება არ მომხდარა და ბევრი ისეთი დეტალი იკვეთება, რაც მათ ჩვენებებში არ დევს.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, უამრავი მტკიცებულება არსებობს, რაც თითოეული ბრალდებულის ბრალეულობას ადასტურებს.

მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება სამედიცინო ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები პატიმრობის დასაბუთებასთან დაკავშირებით, ასევე აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც დააკმაყოფილა შუამდგომლობა და ჩვიდმეტივე პირის მიმართ გამოიყენა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა.

რაც შეეხება აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების საფუძვლებს, დანაშაულის სიმძიმიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე არსებობდა საფუძვლები, ბრალდებულების პიროვნებების, მათი მოქმედებების და სხვა უამრავი გარემოების გათვალისწინებით, რაც საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძების სახით გამოეყენებინა პატიმრობა.

საფრთხეები არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე ახალი დანაშუალის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების, ეს არაა უბრალოდ სიტყვები, ეს გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

რაც შეეხება თანამშრომლობას, ეს არ არის სრულყოფილი თანამშრომლობა, რასაც ბრალდებულები გამოძიების ეტაპზე აკეთებდნენ, არ არის სრულყოფილი ინფორმაცია მოწოდებული გამოძიებისთვის. ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც მათ ჩვენებებში არ არის.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმეზე გამოკითხულია უამრავი მოწმე, დაახლოებით 60 ადამიანი. ჩატარებულია 750-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება და ასევე, ამოღებულია ვიდეო-მასალა, რომელიც ასახავს როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევის ადგილს“,- განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუეფარდა.